ვაქცინის პირველი დოზა 2021 წლის პირველი კვარტალში შემოვა – ვის შეხვდება პირველი დოზა?! 

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზების შემოტანის დათქმული დრო 2021 წლის პირველი კვარტალია. ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ქვეყანა მზადაა, სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინა მიიღოს.

„ვაქცინის დანერგვის გეგმის ტექნიკურ ნაწილზე მუშაობა პარასკევს დასრულდა. მასში 82 სპეციალისტი იყო ჩართული. ამ ეტაპისთვის, ტექნიკური სამუშაო დასრულებულია. ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს უკვე გეგმის ვერსიას, რაც მთავრობის ადმინისტრაციაში დასამტკიცებლად გამოიგზავნება. ვფიქრობ, რომ კვირის ბოლომდე ეს დასრულდება. გეგმაში განსაზღვრულია სამი ეტაპი, რის მიხედვითაც მაღალი რისკის ჯგუფებიდან მოხდება ვაქცინაცია, მოსახლეობის იმ ჯგუფებამდე, რომელსაც რისკი მაღალი არ აქვს, თუმცა იმუნიტეტის განვითარებისთვის მათი მოცვა მნიშვნელოვანია“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.   

თამარ გაბუნიას განმარტებით, პირველ ეტაპზე, აცრამ მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა მოიცვას.

„სამიზნე მაჩვენებელი, რასაც ჩვენ გვინდა ქვეყნის კორონავირუსის ინფექციისგან დასაცავად მივაღწიოთ, არის მოზრდილი მოსახლეობის 60%-ი, რაც გარანტია იქნება იმისთვის, რომ იმუნურობის დონე იყოს შესაფერისი და მოვახერხოთ ეკონომიკის სტაბილური გახსნა გრძელვადიან პერსპექტივაში. პირველი ჯგუფი არის ჯანდაცვის პროფესიონალები, შემდეგ ამას მოჰყვება ასაკობრივი პაციენტები და სხვა ჯგუფები. საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის მქონე ვაქცინა, დღეისთვის ბაზარზე აღიარებული სტატუსით. რამდენიმე ვაქცინა ამგვარი აღიარების: ეს არის „ფაიზერი”, „ასტრაზენეკა” და „მოდერნა”. როგორც კი მსგავსი აღიარების ახალი ვაქცინა გამოჩნდება, რა თქმა უნდა, მასაც გავითვალისწინებთ“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები