მძევლების ხელში ჩაგდებისთვის ბრალდებული საზოგადოებასთან კომუნიკაციას ითხოვს – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„ლევანის მოთხოვნაა, სასამართლო პროცესი ჩატარდეს საქალაქო სასამართლოში და არა დისტანციურად, ის ითხოვს კომუნიკაციას“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“  წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ლევან ზურაბაშვილის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ გააკეთა.

„ლევან ზურაბაშვილის მთავარი მოთხოვნაა, მისი სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართოს და დისტანციურად არ ჩატარდეს. სამწუხაროდ, მას შერჩევითად უდგებიან, ის სასამართლო პროცესებზე არ დაჰყავთ, რითაც ირღვევა მისი, როგორც ბრალდებულის უფლებები, როგორც სამართლიანი სასამართლოს პრინციპის უფლება. ლევან ზურაბაშვილს საზოგადოებასთან სათქმელი აქვს, რომელიც ღიად უკვე დააფიქსირა. მის საქმეზე არაერთი მოწმე გამოიკითხა, მათ შორის, ე.წ. დაზარალებულები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ლევანის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ“ – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.    

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არავისზე უძალადია.

„დაზარალებულთა ჩვენებებიდან ვიგებთ, რომ ლევანი მათზე ფსიქოლოგიურად არ ძალადობდა, ის პოლიტიკურ მოთხოვნებს აჟღერებდა. როცა ზურაბაშვილს უთხრეს, რომ ადგილზე ორსული ქალი იმყოფებოდა, მან დაუყოვნებლივ მოსთხოვა ის წასულიყო. ერთ-ერთმა იქ მყოფმა ადამიანმა ზურაბაშვილს უთხრა, თუ შეიძლება, მეც გავყვებიო. ზურაბაშვილმა უპასუხა, კი ბატონო, გაყევი, ვინ გიჭერს, აქ იმისთვის არ ვარ, რომ თქვენ რამე ფორმით შეზღუდოთ, ჩემი მიზანი მხოლოდ ის არის, ტელევიზიების ყურადღება მივიქციოო. ამ საქმეს სამართლებრივად თუ შევაფასებთ, ეს არის მაქსიმუმ, იძულება და არა მძევლად ხელში ჩაგდება. ლევანის მოთხოვნაა, რომ საზოგადოებამ, მისმა თანამოაზრეებმა უნდა იბრძოლონ იმ სისტემის წინააღმდეგ, რაც ე.წ. მევახშეობას, „კაზინოების“ აკრძალვას და ასევე ფარმაცევტულ კომპანიებს შეეხება“ – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები