რეგულაციების მოხსნის საკითხზე საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა

  •  

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და შეზრუდვების ეტაპობრივად მოხსნა განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საბჭომ დეტალურად იმსჯელა ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმასა და იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება. როგორც ცნობილია, გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს.

საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის უპირველესი წინაპირობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია და მისი საერთაშორისო აღიარებაა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ მოქმედი შეზღუდვების შედეგად, შეინიშნება ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სტაბილიზაცია და დადებითობის მაჩვენებელი საშუალოდ ბოლო ერთ კვირაში 8,3%-ია, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს და კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ია და ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზით, თუ ის 95%-ს მიაღწევს, მაისში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 10-77-ის ფარგლებში იქნება.

საბჭომ ასევე იმსჯელა გლობალურად ინფექციის გავრცელების კუთხით არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში სიტუაცია კვლავ მძიმე რჩება და არაერთმა ქვეყანამ შეზღუდვების გახანგრძლივების თუ გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

მსოფლიოში არსებული ტენდენციებისა და ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ აუცილებელია გადაიდგას მაქსიმალურად ფრთხილი ნაბიჯები და თითოეული შეზღუდვის მოხსნა ეფუძნებოდეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგს, რათა არსებული სტაბილიზაციის შემდეგ, ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, შემუშავდება ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა, რომელიც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარედგინება.

ამასთან, მთავრობის მეთაურის დავალებით, ინტენსიურად გრძელდება ერთობლივი მუშაობა კერძო სექტორთან, რადგან ბიზნესმა ვირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული დაცვის მექანიზმების და დამატებითი კომპონენტების გათვალისწინებით, გახსნის ეტაპზე უზრუნველყოს კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი. 

მსგავსი თემები