ენერგეტიკაში არსებული ტარიფების ცვლილების მიზეზ-შედეგობრივი ასპექტები ანუ ისმინე სრულიად საქართველო

                საქართველოს წინაშე ამჟამად არსებულ უამრავ პრობლემათა შორის უსაფრთხო და მდგრადი ენერგეტიკული უზრუნველყოფის თემა განსაკუთრებულია. ყველამ ვიცით, რომ ენერგეტიკა ეკონომიკის მაცოცხლებელ ძარღვს წარმოადგენს. მასზეა დამოკიდებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და სიძლიერე, მოსახლეობის კეთილდღეობა და ა.შ. ენერგეტიკული უსაფრთხოების მიღწევის გარეშე ვერ მივაღწევთ ეკონომიკურ უსაფრთხოებას; უფრო მეტიც, საფრთხე შეექმნება ქვეყნის დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ენერგიაშემცველებზე ფასების მატება ან კლება ჯაჭვური რეაქციით მყისვე აისახება სამომხმარებლო ბაზარზე. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის ყოველი მატება საზოგადოებაში მწვავედ აისახება. ასე იყო 2020 წლის ბოლოსაც, როცა ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, თუმცა გარკვეული დროით მომხმარებელთა დიდი ნაწილისათვის იგი დასუბსიდირდა.  ეს კი ჩვენი ეკონომიკისათვის, ცხადია, მძიმე ტვირთია.

                ახლა ვნახოთ, ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ეს გადაწყვეტილება ობიექტური იყო თუ არა. თუმცა თავიდანვე ვიტყვი, რომ ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ორივე მხარე-კომპანიებიც და მომხმარებლებიც. ეს კი მარეგულირებელი ორგანოს ობიექტურობის მსოფლიოში აღიარებული მთავარი მაჩვენებელია. მარეგულირებელ ორგანოს პრაქტიკულად არცერთი მხარე კმაყოფილი არ უნდა ჰყავდეს. იგი ხომ სამართლიაონობისა და დარგში საყოველთაო ბალანსის დამცველია. მარეგულირებელი ორგანოს მიერ ტარიფები არამარტო იზრდება, არამედ მცირდება კიდეც. საქართველოს სინამდვილეში, მაგალითად, შემცირდა სამომხმარებლო ტარიფი ბუნებრივ გაზზე, აგრეთვე ცალკეულ კომპანიებში ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი.

                პირველ რიგში, ტარიფის განსაზღვრის მეთოდოლოგიური სისწორის შესახებ. ეს პროცესი სრულად ეყრდნობა საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ მეთოდოლოგიას, რომელიც ადგილობრივ პირობებზეა მორგებული; ხოლო სტატისტიკური მონაცემები, საექსპლოტაციო და საინვესტიციო დანახარჯების შესახებ აუდირებულია შესაბამისი ექსპერტების მიერ. აქ სიყალბე ან ადამიანური შეცდომა პრაქტიკულად გამორიცხულია. გაანგარიშება ხდება თანამედროვე საშუალებების გამოყენებით. პროცესი გაივლის მარეგულირებელი ორგანოს რიგითი თანამშრომლიდან ყველა დონის მუშაკამდე უმაღლესი ხელმძღვანელობის ჩათვლით. მათ კი, მაღალი პასუხისმგებლობა აკისრიათ კანონისა და ქვეყნის წინაშე. საბოლოო გადაწყვეტილება კი მიიღება საჯაროდ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. ტარიფი ქვეყნდება პრესაში, ხოლო უკმაყოფილების შემთხვევაში მხარე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს ყველა დონეზე, საკონსტიტუციო სასამართლოს ჩათვლით. ასეთი პრეცენდენტი სემეკს გასულ პერიოდში ჰქონდა.

                ახლა ვნახოთ, როგორია საქართველოს პირობებში ენერგეტიკის ტარიფებთან დაკავშირებული ობიექტური გარემო და მოქმედი ფაქტორები, რომელთაც, უთუო გავლენა აქვთ ტარიფის დონის განსაზღვრაზე.

                გლობალიზაცია. ჩვენმა ქვეყანამ უკვე დიდი ხანია თავისი მომავალი საბაზრო ეკონომიკას დაუკავშირა და საერთაშორისო თანამეგობრობის სრულ უფლებიანი წევრი გახდა. აქ კი ტარიფების დადგენის საფუძველია ღირებულების პრინციპი. იგი  ნაკლებად ითვალისწინებს მდიდარია თუ არა ქვეყანა, ან როგორია მოსახლეობის შემოსავლები. საქართველომ ჯერჯერობით მაინც შეინარჩუნა შედარებით დაბალი ტარიფები. მხოლოდ ენერგეტიკულად მდიდარ ქვეყნებშია იგი ჩვენზე დაბალი. უმრავლეს სახელმწიფოებში კი ის გაცილებით მაღალია. 2019 წლის შედეგებით, ჩვენს სამეზობლოში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ასეთი იყო: საქართველოში (თეთრი კვტ.სთ-ზე) 18,89; აზერბაიჯანში – 13,88; სომხეთში – 24,69; თურქეთში – 27,09; რუსეთში – 16,34.

ევროპის წამყვან ქვეყნებში: საფრანგეთში – 56,44; გერმანიაში – 98,75; ბელგიაში – 90,79; დანიაში – 95,43.

პოსტ-სოციალისტურ ქვეყნებში : ლიეტუვაში – 40,13; ლატვიაში – 52,09; მოლდოვაში – 29,23; ესტონეთში – 43,40 და ა.შ.

                ასეთია გლობალიზაციის შედეგები. მდგომარეობა გაცილებით გაამწვავა 2020 წლის მოვლენებმა, პირველ რიგში „კორონა“ ვირუსის საყოველთაო და ხანგრძლივმა გავრცელებამ. შედეგად ენერგეტიკაც მედიცინის მძევალი გახდა. პანდემიის პირველივე თვეებში კომპანიებმა დიდი ზარალი განიცადეს. თუ პანდემიამდე საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება მნიშვნელოვნად უსწრებდა წარმოებას, ახლა უკვე სურათი შეიცვალა, მოხმარება ჩამორჩა წარმოებას. ეს მოხდა როგორც დედაქალაქში ისე მთლიანად საქართველოში.

       ელექტროენერგიის წარმოების სტრუქტურა.ამ ფაქტორის გავლენა ტარიფზე საყოველთაოდ ცნობილია. ელექტროსისტემაში ჰიდრო და თბო სიმძლავრეების არსებობას თავისი  აუცილებლობა,მაგრამ ასევე თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ჰიდრო სადგურების მშენებლობა შედარებით მეტ დროს და ინვესტიეიცებს მოითხოვს,თბო სიმძლავრეებთან შედარებით. მაგრამ ძვირადღირებული საწვავის საჭიროების გამო თბოსადგურებში ტარიფი 5-6 ჯერ მეტია. მათ ტარიფში გათვალისწინებულია აგრეთვე ზაფხულში ე.წ „გარანტირებული სიმძლავრის“ ფაქტორიც. საქართველოში კი ბოლო 5 წლის (2015-2019) განმავლობაში ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების პირობებში საჭირო გახდა თბოელექტროსადგურებში ელექტროენერგიის გამომუშავების გაზრდა 2378,7 დან 2420,2 მლნ. კვტ. საათამდე,ანუ მისი მონაწილეობა საერთო გამომუშავებაში გაიზარდა 21,4დან 22,2%-მდე. შედარება განსაკუთრებით თვალსაჩინოა 2010 წელთან მიმართებაში. მაშინ თბოსადგურებში იწარმოა 655,9 მლნ.კვტ.სთ ანუ 2019 წელთან შედარებით 3,7ჯერ ნაკლები. თუ ზემოაღნიშნულს დავუმატებთ იმ ფაქტს რომ ელექტროენერგიის შემოტანის გაზრდის იმ ფაქტს რომ 2015-2009 წლებში საჭირო გახდა იმპორტული ელექტროენერგიის შემოტანის გაზრდის აუცილებლობა 699,3დან 1626,5 მლნ.კვტ.სთ-მდე, ანუ 2,3ჯერ,სურათი უფრო ნათელი გახდება.

                ენერგობალანსი ელექტროენერგიის წარმოების სტრუქტურა. ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული ბალანსი ტრადიციულად დეფიციტურია. საქართველოს ამჟამად საჭირო ენერგეტიკული რესურსების დაახლოებით 70% გარედან შემოაქვს, მხოლოდ 30%-ია ადგილობრივი წარმოების. ენერგეტიკულ ბალანსში თითქმის მთლიანად იმპორტულია ბუნებრივი გაზი და ნავთობპროდუქტები. ბოლო წლებში კი, განსაკუთრებით, შემოდგომა ზამთრის პერიოდში დეფიციტურია ელექტრობალანსიც. 2019 წელს ქვეყანამ გარედან შემოიტანა 1762,7 მლნ.კვტ.სთ – დაახლოებით იმდენი, რასაც გამოიმუშავებდა არ შემდგარი ხუდონი ჰესი.

                ბუნებრივი ენერგეტიკული რესურსების არსებობა და ათვისება. საქართველოს ტერიტორიაზე მეტ-ნაკლები, ზომით თითქმის ყველა ენერგორესურია. განსაკუთრებით მდიდარი ვართ ჰიდროენერგო და არატრადიციული (მზის, ქარის, გეოთერმული ენერგია.) რესურსებით. გვაქვს ნახშირის და ნავთობის საბადოები. პირველი მათგანი რეგიონში მხოლოდ საქართველოშია. რაც შეეხება მათ ათვისებას იგი არადამაკმაყოფილებელია. ჰიდრორესურსების ტექნიკური შესაძლებლობის მხოლოდ 10-12%-ს ხოლო ეკონომიკურად ხელსაყრელი პოტენციალის 20-25%-ს ვიყენებთ. დაბალია ნავთობის და ნახშირის ათვისების დონე. მხოლოდ საწყის ეტაპზეა მზისა და ქარის ჯერჯერობით ძვირი ენერგიის გამოყენება.

                საზოგადოების როლი. ენერგეტიკის განვითარებაში საზოგადოების შეგნებული მონაწილეობა განსაკუთრებულია. ამ ფაქტორის გავლენით საქართველოში გასულ წლებში ვერ აშენდა ხუდონი ჰესი და ნამოხვანის კასკადი. იგივე სურათი გრძელდება ახლაც. თუ წინათ მიზანში იყო მსხვილი ჰესები, ახლა უკვე საზოგადოების გარკვეული ნაწილი ნებისმიერი ზომის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია და პარალელურ რეჟიმში ისინი ელექტროენერგიის ტარიფის მომატებასაც აპროტესტებენ. ამის მაგალითები სამწუხაროდ ბევრი გვაქვს.

                ენერგოეფექტიანობა. უძველესი ჭეშმარიტებაა რომ ეკონომიის რეჟიმის გარეშე საზოგადოებას არ შეუძლია წარმატებით განაგოს თავისი შეზღუდული  რესურსები. გაფართოებული კვლავწარმოების ინტენსიური ფორმა საზოგადოების ეკონომიკური სისტემის ორგანული დამახასიათებელი თვისებაა. იგი ობიექტურ წინამძღვრებს ჰქმნის რესურსების რაციონალურად და ეფექტიანად გამოყენებისათვის, უკეთესი საბოლოო შედეგების მიღწევისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბოლო წლებში პროდუქციის ენერგო და ელექტროტევადობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ეს მაჩვენებელი მაინც გაცილებით მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ბოლო მონაცემებით, საქართველოში მშპ-ს ენერგოტევადობა უდრიდა 0,87 კგ.პს. აშშ დოლარზე, მაშინ, როცა, ეს პარამეტრი იყო გერმანიაში –  0.03; იაპონიაში – 0,005; თურქეთში – 0.029 და ა.შ. გამოდის რომ პროდუქციის ერთეულზე მეტ ენერგიას ვხარჯავთ ვიდრე ენერგორესურსებით მდიდარი ქვეყნები. ცალკე აღნიშვნის ღირსია ენეგიის დანაკარები 2019 წელს „თელასი“-ის გამანაწილებელ ქსელში დაიკარგა 155,7 მლნ.კვტ.სთ ენერგია. „ენერგო პრო ჯორჯია“-ს ქსელში კი 526,7 მლნ.კვტ.სთ. მაშასადამე, ორივე კომპანიაში ელექტროენერგიის ტრანსპორტირებაზე დაიკარგა 682,7 მლნ.კვტ.სთ. ანუ თითქმის იმდენი რამდენიც 2019 წელს გამოიმუშავა ისეთმა დიდმა ჰესმა, როგორიცაა, ვარციხე ჰესი. (727,3 მლნ.კვტ.სთ.)

                ტარიფის ცვლილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ თუ როგორაა პრაქტიკულად გათვალისწინებული დარგის განვითარებაში ის თავისებურებები რომელიც ენერგეტიკას გააჩნია. გარდა იმისა, რომ ელექტოენერგიის წარმოება და მოხმარება ერთმანეთს ემთხვევა დროში ეს სექტორი ეკონომიკის დარგთა შორის მაღალი ინტელექტუალური შრომატევადობით და კაპიტალტევადობით ხასიათდება. მეორე, დარგი მოითხოვს ინტენსიურ და უწყვეტ დაფინანსებას, რათა შეინარჩუნოს ფუნქციონირების უნარი და იმავდროულად მიაღწიოს პროგრესს მაკროეკონომიკური გარემოს მოთხოვნილების შესაბამისად. მესამე, სხვა დარგებისგან განსხვავებით ენერგეტიკას აკისრია მაღალი სოციალურ-ეკონომიკური პასუხისმგებლობა. მეოთხე, იგი როგორც ბუნებრივი მონოპოლიის ტიპიური წარმომადგენელი საჭიროებს დამოუკიდებელ რეგულირებას. მეხუთე, აუცილებელია მნიშვნელოვანი რაოდენობის ინვესტიციების მოზიდვა. ეს კი სხვა ობიექტური ფაქტორების (ეკოლოგია, სულ უფრო ძვირი ენერგო რესურსების გამოყენების აუცილებლობა, და სხვა.) ერთობლივი გავლენის შედეგად კიდევ უფრო ზრდის დანახარჯებს, რაც ტარიფის ზრდას განაპირობებს.

                აღნიშნულ თავისებურებათა პრაქტიკულ გათვალისწინებაში განსაკუთრებულია მენეჯმენტის როლი. დადასტურებულია, რომ მენეჯმენტის საკითი გამორჩეულად აქტუალურია ენერგეტიკისათვის, რომელიც რიგირ თავისებურებებით ხასიათდება. ჯერ ერთი, იგი ეკონომიკის დარგთა შორის მაღალი ინტელექტუალური შრომატევადობითა და კაპიტალტევადობით ხასიათდება; მეორე, დარგი მოითხოვს ინტენსიურ და უწყვეტ დაფინანსებას, რათა შეინარჩუნოს ფუნქციონირების უნარი და იმავდროულად, მიაღწიოს პროგრესს მაკროეკონომიკური გარემოს მოთხოვნების შესაბამისად; მესამე, სხვა დარგებისაგან განსხვავებით, ენერგეტიკას აკისრია მაღალი სოციალურ-ეკონომიკური პასუხისმგებლობა; მეოთხე, იგი როგორც ბუნებრივი მონოპოლიის ტიპიური წარმომადგენელი, საჭიროებს სახელმწიფო რეგულირებას; მეხუთე, აუცილებელია მნიშნველოვანი რაოდენობის ინვესტიციების მოზიდვა. ეს კი სხვა ობიექტური ფაქტორების (ეკოლოგია, სულ უფრო ძვირი ენერგორესურსების აუცილებლობა და სხვ.) ერთობლივი გავლენის შედეგად კიდევ უფრო ზრდის დარგის კაპიტალტევადობას.

                საქართველოს ელექტროენერგეტიკაში ბოლო ხუთი წლის (2015-2019) განმავლობაში სულ განხორციელდა 1140 მლნ ლარის ინვესტიცია, მათ შორის ელექტროენერგეტიკის წარმოებაში – 22,1%,  გადაცემა-დისპეჩერიზაციაში – 33,6% და განაწილებაში – 44,3%. წლიურად საშუალოდ 228 მლნ ლარი. სასურველი იყო წარმოებაში განხორციელებული ინვესტიციების წილი უფრო მაღალი ყოფილიყო.

                ისეთ დიდ კომპანიებში, როგორიცაა „თელასი“ და „ენგურჰესი“ თანამშრომელთა საერთო რაოდენობაში სოლიდურადაა წარმოდგენილი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი და მენეჯერები. ბოლო სამი წლის (2017-2019) შედეგებით ენგურჰესში მენეჯერთა (ადმინისტრაცია) ხვედრითი წილი იცვლებოდა 13,3 – 17,3 %-ის, ხოლო ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისა 21,7-26,7 %-ის, ხოლო „თელასში“ შესაბამისად 7,4 – 7,6 %-ის და 26,8-28 %-ის ოპტიმალურ ფარგლებში.

                ტარიფების ცვლილების ყველაზე მეტად შემაფერხებელია დარგის დამოუკიდებელი რეგულირება. იგი ტარიფებს უფრო სტაბილურს და საზოგადოებისათვის მისაღებს ხდის. მარეგულირებელი ორგანო საქართველოში თითქმის ოცდახუთი წელია ფუნქციონირებს და მისი შედეგები უკვე კარგადაა ცნობილი. გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ რეგულირებად ბაზარზე ფასები გაცილებით ნელა იზრდება, ვიდრე თავისუფალ ბაზარზე, მათ შორის იმ ენერგეტიკულ პროდუქციაზეც, რომელიც არ რეგულირდება. თუ ჩავთვლით, რომ ათი წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასის ზრდის ინდექსია 1;  მაშინ ბენზინის ფასის ზრდის ანალოგიური მაჩვენებელია 3,39; ნავთისა 3,23; დიზელისა 3; თხევადი გაზისა 3,69 და ა.შ.

                ტარიფების ცვლილების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომელიც ტარიფის ზრდაზე ერთობლივ გავლენას ითვალისწინებს (ეკოლოგია, საექსპლოტაციო და საინვესტიციო დანახარჯები) ცნობილია რომ, სათბობ მომპოვებელ დარგებში (ნავთობი, ნახშირი, ბუნებრივი გაზი.) აგრეთვე ჰიდროენერგო მშენებლობაში ახალი სიმძლავრეების ამოქმედება სულ უფრო ძნელ პირობებში ხორციელდება. ამას თუ დავუმატებთ ეკოლოგიურ მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობას, ცხადი ხდება რომ ერთი და იგივე ოდენობის ენერგიაშემცველის მოპოვება – წარმოება სულ უფრო მეტი ჯდება. შესაბამისად ობიექტურად უარესდება დარგის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის ტარიფიც. მაშინ სად არის გამოსავალი?

                ჩვენი აზრით ასეთი გამოსავალი არის. უნდა მივაღწიოთ დარგში მეცნიერულტექნოლოგიური და მენეჯერული პროგრესის წინმსწრები ტემპებით დანერვას ბუნებრივი პირობების გაუარესებისა და სხვა უარყოფითი გამოწვევების ტემპებთან შედარებით.  წინააღმდეგ შემთხევაში გაუარესდება დარგის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, გაიზრდება ენერგია შემცველებზე ფასები.

                მჯერა რომ კაცობრიობა მიაღწევს ასეთი თანაფარდობის დაცვას მას ასეთი პოტენციალი აქვს. ამისი ნიშნები მსოფლიოში უკვე შეინიშნება. მაგალითად იაპონიამ, რომელიც, დანარჩენი მსოფლიოსაგან ტერიტორიით, შეიძლება ითქვას, იზოლირებულია და ბუნებრივი ენეგეტიკული რესურსებით ნამდვილად არ არის მდიდარი, მეცნიერულ ტექნოლოგიურ და მენეჯერული პროგრესის მიღწევით შეძლო საიმედო და მდგრადი ელექტრომომარაგება, ხოლო ქვეყანა ეკონომიკურად მდიდარი და  ძლიერი გაეხადა. ახლა იგი მოსახლეობის ერთ სულზე აწარმოებს 48 472 აშშ დოლარ მშპ-ს, ხოლო მოიხმარს 8816 კვტ-სთ ელექტროენერგიას, დაახლოებით იმდენს რამდენსაც მსხვილი,ენერგეტიკული რესურსებით მდიდარი და განვითარებული სახელმწიფოები. ხოლო რაც შეეხება ტარიფს იგი 29.1 ცენტია, ანუ დაახლოებით იგივე რაც აღნიშნულ ქვეყნებში. მართალია, ჯერჯერობით იქაც ადგილი აქვს ტარიფის ზედის ტენდენციას,მაგრამ შედარებით ზომიერი ტემპით.

     ტარიფების ზრდის პროცესი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისათვის დამახასიათებელი თვისებაა. მთავარია ელექტროენერგიით ვიყოთ უზრუნველყოფილი. სამწუხაროდ, ახლა მსოფლიოში მილიონიბით ადამიანი ამ სიკეთეს მოკლებულია. 

დემურ ჩომახიძე

ეკონომიკურ მეციერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს ეკონომიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

მსგავსი თემები