„თუ პირბადის ტარების 95%-ზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის სიკვდილიანობა ერთეული გვექნება“ – ამირან გამყრელიძე

„საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ია.  თუ ეს მაჩვენებელი 95%-ს მიაღწევს, მაისში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 10-77-ის ფარგლებში შემცირდება“ – ეს განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევები იკლებს, რაც შემზღუდავი ღონისძიებებისა და ტესტირებაზე ხელმისაწვდომობის შედეგია.

„ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი რეგულარულად აკეთებს ევროპის ქვეყნების განახლებას. ბოლო განახლება იყო 15 იანვრის, სადაც მათ აღნიშნეს დადებითი ტენდენციები. სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ნიღბის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა ასული და თუ ჩვენ 95%-ზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის სიკვდილიანობა უკვე ერთეული გექნებათ და ყოველდღიურ შემთხვევებში 10-დან 77-ის ფარგლებში ჩამოხვალთ“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ისივე შეფასებით, რეგულაციების დაცვას არსებითი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით  კი ნიღბის ტარებას.

„გამოვლენა, თუ ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა, რომ ერთს ვავლენდით და 2.5-3-ს ვერ ვავლენდით, ეს ჩამოსულია ქვემოთ და ყველა ერთ გამოვლენილზე უკვე 1-1.5 არ ვლინდება. ეპიდემიური სიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გვაქვს ახალი შემთხვევების და ინფექციის გავრცელების ყოველდღიურად კლების ტენდენცია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ევროპაში სიტუაცია დაძაბულია, მიმოსვლა სერიოზულია“ – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები