“ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა” – არჩილ თალაკვაძე

ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგზე ისაუბრა.

როგორ თალაკვაძე აღნიშნავს, მმართველი გუნდი მზად არის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის, მოლაპარაკების შესაძლო შედეგები კი ოპოზიციაზეა დამოკიდებული.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპისთვის. ჩვენგან მოლაპარაკებების პროცესს უწყვეტი მხარდაჭერა აქვს. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ფასილიტატორ ელჩებს.

რაც შეეხება მეხუთე რაუნდის შესაძლო შედეგებს. ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებს ოპოზიცია სტატუს კვოს. ჩვენ ვამბობდით, რომ სტატუს კვო შეიცვლება, ხედავთ, რომ სტატუს კვო შეიცვალა, პარლამენტში უკვე შემოსულია პირველი ოპოზიციური პარტია და საქმიანობს. ასევე ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში უკვე არაერთი გამოთქვამს წუხილეს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა. ეს ნამდვილად ასეა“,-აცხადებს თალაკვაძე.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირება დემოკრატიის იდეას ეწინააღმდეგება.

„მე ვფიქრობ, მეხუთე რაუნდამდე ამას არაერთი ოპოზიციური ლიდერი კიდევ უფრო მეტად გააცნობიერებს. ჩვენ მზად ვართ სამართლიანი წინადადების განსახილველად დავბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. რაც ეხება პირველ რიგში, მათი პრეტენზიების გადამოწმებას. როგორც აღმოჩნდა არჩევნების გაყალბების ბრალდება, რაც ოპოზიციისგან ისმოდა პრაქტიკულად საფუძვლის გარეშე დარჩა. მეორის მხრივ, მათი სურვილი თითქოს ჩვენზე შანტაჟს ახდენდნენ იმით, რომ მხოლოდ ერთი პარტია იქნებოდა პარლამენტში, დღეს ეს რეალობაც შეცვლილია.

ველით რომ ოპოზიცია სტატუს კვოს რეალური შეფასებით დაუბრუნდება მოლაპარაკების მაგიდას. ამას არ ვამბობ ნიშნის მოგებით. ჩვენ გვინდა ოპოზიცია კიდევ უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი“,-აცხადებს თალაკვაძე.

მსგავსი თემები