აშშ 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადება

  •  

აშშ-ში ინაუგურაციისთვის ემზადებიან. როდესაც ჯო ბაიდენი ისტორიულ ფიცს დადებს, ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს. თუ აქამდე პრეზიდენტის ინაუგურაციას კაპიტოლიუმის კიბეებთან 200 000 სტუმარი ჰყავდა, წელს მათმა რიცხვმა 1000-მდე იკლო. მიზეზი მხოლოდ COVID- 19 არ არის, 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმმა ქვეყანაში უსაფრთხოების ნორმები გააასმაგა.

ამერიკის ეროვნული ჰიმნის შესრულების პატივი წელს მუსიკალური სამყაროს გამორჩეულ ვარსკვლავს, ლედი გაგას ერგო, რომელიც ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც გულშემატკივრობდა. ინაუგურაციის დღეს ის სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ერთადერთი ვარსკვლავი არ იქნება. ჯენიფერ ლოპესი გაგას სცენაზე ინდივიდუალური შესრულებით ჩაანაცვლებს.

ჯო ბაიდენი ბიბლიაზე ფიცს კამალა ჰარისთან ერთად დადებს, რომელიც პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია აშშ-ის ისტორიაში. ისინი სცენაზე ოჯახებთან ერთად იდგებიან, მათ თეთრ სახლში ფორმიანები ცერემონიულად მიაცილებენ. არ იქნება აღლუმი, COVID 19-ის გამო წელს ქვეყნის ახალი მთავარსარდალი საკუთარ ჯარს სიმბოლურად გაუწევს ინსპექტირებას, ტრადიცია ვირტუალურად შესრულდება. ინაუგურაციას მთელი მსოფლიო ყურადღებით ელოდება – მას ონლაინპლატფორმების გარდა ფართოდ გააშუქებენ მსოფლიო დონის ტელეკომპანიები. CNN, CBS, ABC, NBC დილიდან სატელევიზიო ტრანსლაციას დაიწყებენ. “პრაიმ ტაიმში” 90 წუთიან შოუს ვარსკვლავების მონაწილეობით ყველასათვის საყვარელი ამერიკელი მსახიობი ტომ ჰენკსი გაუძღვება. 

ტრამპის მომხრეებს ამ დღეს თავიანთი გეგმები აქვთ – ისინი პარალელურ რეჟიმში “მეორე ინაუგურაციას” გამართავენ, ოღონდ ვირტუალურად. Facebook ღონისძიებაზე დასწრებაზე 68 000-მა ადამიანმა უკვე განაცხადა თანხმობა. ამით ისინი ტრამპის მიმართ მხარდაჭერას გამოთქვამენ.

ინაუგურაციის დღეს სოციალური დისტანციის დაცვა ყველას მოუწევს, რადგან ქვეყანა COVID ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილზე რჩება. 

მსგავსი თემები