საქართველოს ათ ქალაქსა და აჭარაში სასწავლო პროცესი 18 იანვრიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდება

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 18 იანვარს დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზეც. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.

ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.

გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის “ტელესკოლის” მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 9:00 საათიდან განახლდება.

პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან – სს “სილქნეტთან”, შპს “მაგთიკომთან” და შპს “ვიონი საქართველოსთან” (ბრენდი “ბილაინი”) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ. მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიან ტარიფს ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ.

დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების მოსაძიებლად,”- განაცხადეს განათლების სამინისტროში.

მსგავსი თემები