“საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ხარისხიანი ვაქცინა” – გიორგი გახარია

ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი ისმის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც საერთაშორისო შესაბამისი ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი და აზრი ისმის. ვერც ვხვდები, საიდან ეს ინფორმაცია. ვაქცინაციასთან მიმართებაში დღეს უნდა გვესმოდეს, რომ შექმნილია სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტრო. ეს კომისია მიზნად ისახავს რამდენიმე ამოცანას. პირველი არის, რომ მოაგვაროს ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ლოგისტიკასთან. მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინას აქვს სხვადასხვა რეჟიმი ლოგისტიკური. ასევე, მოამზადოს ყველაფერი, რათა ქვეყანა იყოს მზად, დაიწყოს მოქალაქეების ვაქცინაცია. მეორე – წინასწარ განვსაზღვროთ ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლების აცრაც პრიორიტეტულად უნდა დავიწყოთ. მესამე – რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე  ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ კოვაქსის პლატფორმით, ასევე სხვა საშუალებითაც. ამასთან დაკავშირებით პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და გეგმა არსებობს. ორშაბათს საბჭოზე წარმოადგენენ გეგმას, რომელიც შემდგომ უკვე მთავრობაზე დამტკიცდება. ამიტომ, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ აქ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც საერთაშორისო შესაბამისი ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები