იტალიაში მაფიის 66 წლის ბოსს ბრალდება წაუყენეს – ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესი

იტალიაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესი იწყება. სასამართლოს წინაშე, კრიმინალური სინდიკატის, “ნდრანგეტას” 355 წევრი და მათთან დაკავშირებული კორუმპირებული ჩინოვნიკები და ბიზნესმენები წარსდგებიან.

მათ ბრალად ედებათ 1990 ან 2019 წლამდე ჩადენილი, უამრავი ძალადობრივი დანაშაული, მათ შორის მკვლელობები, ნარკოვაჭრობა, რეკეტი, ფულის გათეთრება და სხვა.

პროცესის მთავარი გმირი, 62 წლის ცნობილი იტალიელი პროკურორი ნიკოლა გრატერი იქნება. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული გამოძიება 2019 წელს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, დაკავებების სერიით დასრულდა. გამოძიების მთავარი მიზანი, ნდრანგეტას სინდიკატის ყველაზე მძლავრი კლანის, მანჩოზოს ოჯახის განეიტრალება იყო.  ბრალდებულთა სკამზე აღმოჩნდა კლანის მმართველი, 66 წლის “ბაბუა” ლუიჯი მანჩოზოც.

იტალიაში, მსგავსი მასშტაბების სასამართლო პროცესი 1987 წელს გაიმართა. მაშინ, “კოზა ნოსტრას” 338 წევრი გაასამართლეს. ამ პროცესს ემსხვერპლა ლეგენდარული იტალიელი პროკურორი ჯოვანი ფალკონე.

“ნდრანგეტა” კალაბრიის პროვინციაში მოქმედებს. “კოზა ნოსტრასთან” და კომორასთან” შედარებით, მის  შესახებ ნაკლებად ლაპარაკობენ, თუმცა ექსპერტების თქმით, მათი გავლენა შესაძლებელია, რომ უფრო დიდიც იყოს.

საქმის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ნდრანგეტა, ევროპაში შემოტანილი კოკაინის უმეტესობაზეა პასუხისმგებელი და  მათი წლიური შემოსავალი 50 მილიარდი ევროა.

ხელისუფლების მონაცემების მიხედვით ნდრანგეტა, კალაბრიის პროვინციაში, ყველა სფეროშია წარმოდგენილი, ჯანდაცვით დაწყებული, სასამართლო სისტემით დამთავრებული.

მანჩოზოს ოჯახის გავლენები, ძირითადად სახელმწიფო მოხელეებთან დამყარებული კავშრების ხარჯზე იზრდებოდა.

პროკურორის თქმით, კალაბრიული კრიმინალური ორგანიზაცია 150 ოჯახისგან და 6 ათასი ე.წ ჯარისკაცისგან შედგება. მათ საქმიანობაში ჩართულთა საერთო რაოდენობა კი დაახლოებით 20 ათასია.

მისივე თქმით, ბოლო წლებში საზოგადოებაში გარდატეხა მოხდა. კალაბრიელების დიდმა ნაწილმა სახელმწიფოს უფრო მეტი ნდობა გამოუცხადა, ვიდრე ე.წ ნათლიმამებს. მათ აღარ ეშინიათ “ომერტას კოდექსის” დარღვევა, რაც დუმილს და სახელმწიფოსთან არ თანამშრომლობას გულისხმობს.

პროკურორი პირობას დებს, რომ ამოძირკვავს ნდრანგეტას, რომელიც ხალხს ცხოვრებისა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევს.

მსგავსი თემები