პირველ თებერვლამდე პური არ ძვირდება, რა იქნება შემდეგ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

“საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ლევან სილაგავას განცხადებით, არსებული სუბსიდირება საკმრისია, რომ პურზე დღევანდელი ფასი პირველ თებერვლამდე შენარჩუნდეს. რა უნდა გაკეთდეს ფასის შესანარჩუნებლად და რა იქნება პირველი თებერვლის შემდეგ, ამის შესახებ, სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

მისი თქმით, სუბსიდირების პროგრამის პირველ ეტაპზე, პირველი დეკემბრიდან პირველი თებერვლის პერიოდში, 10-ლარიანი სუბსიდირება საკმარისია და პურზე არსებული ფასი პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება. 25 იანვრისთვის კი უნდა გამოცხადდეს მეორე ტენდერი, რომ შემდეგ, ორ თვეზე – თებერვალსა და მარტში პურის ფასი შენარჩუნდეს.

„სახელმწიფო პროგრამის მოქმედება დაიწყო 2020 წლის პირველ დეკემბერს და გრძელდება პირველ აპრილამდე. პროგრამის არსი მდგომარეობს იმაში, რომ პურზე ფასი შენარჩუნებული იყოს, აქ საუბარია ყოველდღიური მოხმარების პურზე – ე.წ. ქარხნის პურზე და ბატონზე. პირველი ორთვიანი პროგრამისთვის, სახელმწიფომ ჩაატარა  ტენდერი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 8 წისქვილკომბინატმა და 52 პურის ქარხანას აწვდიან ფიქსირებულ ფასად, 53 ლარად ფქვილს იმისთვის, რომ პური არ გაძვირდეს. სუბსიდირების პროგრამის პირველი ეტაპი დაიწყო პირველ დეკემბერს და მთავრდება პირველ თებერვალს, შესაბამისად, ამ პერიოდში 10-ლარიანი სუბსიდირება საკმარისია და პურზეც ფასი შენარჩუნებული იქნება პირველ თებერვლამდე. თუმცა, 25 იანვრისთვის უკვე უნდა გამოცხადდეს მეორე ტენდერი, რომ მთლიანი 4-თვიანი პროგრამის მეორე ტენდერით, შემდეგ ორ თვეზე – თებერვალსა და მარტში პურის ფასი აგრეთვე იყოს შენარჩუნებული“ – განაცხადა სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, 10 ლარიანი სუბსიდირება საკმარისი არ იქნება.

„თავისუფალ ბაზარზე გაძვირებიდან გამომდინარე, დღეს ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი არის 68 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, მომავალ 2-თვიან ტენდენციაში სუბსიდირების პროგრამისთვის 10-ლარიანი დაფინანსება აღარ ჰყოფნის. ამიტომ, ეს პროგრამა, რომელიც მუშაობს, დადასტურებულად პურის ფასს არ აძვირებს მხოლოდ პირველ თებერვლამდე. რაც შეეხება მეორე ტენდერის პირობებს,  თუ ტენდერის პირობები არ გადაიხედა, სახელმწიფო არ წავიდა ამ კუთხით, რომ ტენდერის პირობები შეცვალოს, მაშინ ფასი იქნება საბაზრო და პურის ფასიც გადაიხედება“ – განაცხადა “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ „მედიაცენტრ მთავარში.“   

მსგავსი თემები