96 წლის კაცზე ძალადობის გამო, რძალს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს

თიანეთის სოფელ ჯიჯეთში 96 წლის კაცზე მისმა რძალმა და შვილმა იძალადა. ინფორმაციას ადვოკატიც ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ქალმა არამხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე, არამედ მასზეც იძალადა. 

ადვოკატის ინფორმაციით, დაპირისპირება სახლისა და ნივთის გაყოფის ნიადაგზე დაიწყო. 96 წლის ვარდო თათარაშვილი სათივეში ცხოვრობდა და ის ცოტა ხნის წინ ორგანიზაციამ “ერთიანობა საქართველოსთვის” თბილისში ქირით გადმოიყვანა. 

“ბატონი ბოლო 6 წელია ითხოვს საცხოვრებელში გადაყვანას და ადამიანური პირობების შექმნას, რადგანაც ის შეშვებული ჰყავთ საცხოვრებლად გომურში. ჩვენ გუშინ, ჩვენს მოწინააღმდეგე მხარეს შევთავაზეთ, რომ თუკი მათ სურვილი ჰქონდათ, დარჩენილიყვნენ იმ უძრავ ქონებაში,  შეფასებულიყო ეს ქონება და ნახევრის ნებაყოფლობითი გადახდით, დამთავრებულიყო ეს დავა. ამ შეთავაზების შემდეგ, როდესაც ჩვენ სასამართლო დარბაზი დავტოვეთ, საოცრად ცუდი რეაქცია მოჰყვა სახლში დამხვედრი რძლისაგან. მან ბატონ ვარდოს რამდენჯერმე დაარტყა და რომ ვუთხარი, ეს ყველაფერი ფიქსირდება და გაჩერდი-მეთქი, მან მომქაჩა ქურთუკზე, მეორე ხელით კი შემომარტყა ყურის არეში,” – აცხადებს ვარდო თათარაშვილის უფლებადამცველი ნანა ფაჩუკიშვილი.

გუშინ კონფლიქტში მონაწილე მხარეები გამოიკითხნენ. დღეს მამაკაცსა და მის ადვოკატს ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეთ. 

მსგავსი თემები