“ჩვენი ამოცანაა, გავარკვიოთ, რა უშლის ხელს შეთანხმებას, რომ 60 ოპოზიციონერი პარლამენტში შევიდეს” – იაგო ხვიჩია

  •  

ჩვენ პარლამენტში შესვლის პირობა დიდი ხნის წინ გვაქვს ნათქვამი და არ შეგვიცვლია. პირველივე დღიდან ერთი და იმავე აზრზე ვართ. ჩვენი ამოცანაა, გავარკვიოთ ზოგადად, რა უნდათ პოლიტიკოსებს ამ ქვეყანაში, როგორც ხელისუფლებას ისე ოპოზიციას, რა უშლის ხელს შეთანხმებას, რომ ყველა, 60 ოპოზიციონერი პარლამენტში შევიდეს შეთანხმებულად და იქ გააგრძელოს თავისი საქმიანობა, რადგან მარტო „გირჩის“ შესვლას და უმცირესობაში ყოფნას დიდი აზრი არ გააჩნია, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ზოგადად, საარჩევნო რეფორმა და ცესკო-ს ადმინისტრაციის რეფორმა მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ჩვენ ამას ყოველთვის ვაღიარებდით, ისევე როგორც დანარჩენი პოლიტიკური ძალები“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, „გირჩის“ მოთხოვნაა, პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით.

რაც შეეხება ჩვენს სურვილს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოლაპარაკების დროს, რომ იყოს პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივ დონეზე. ჩვენ ეს მოთხოვნა გვაქვს და გვინდა, დაველაპარაკოთ არა მხოლოდ ალეკო ელისაშვილს, არამედ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ხელისუფლებასაც, თუ რა კონტრარგუმენტი აქვთ მათ ჩვენს შეთავაზებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი არჩევნები გამოვიყენოთ, როგორც ერთგვარი პლებისციტი, რომელსაც ითხოვდა ოპოზიცია ახალი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. თუ მოიგო ოპოზიციამ, დაინიშნოს ახალი არჩევნები, თუ ვერ მოიგო, მაშინ დავანებოთ თავი ვადამდელ არჩევნებზე ზრუნვას, რადგან გამოვა, რომ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე“, – განაცხადა ხვიჩიამ.

დღეს „მოქაალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა,  რომ „გირჩი“ და „მოქალაქეები“ კონსულტაციებს გამართავენ. როგორც იოსელიანი აცხადებს, „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ შეხვედრა დღეს პირველად შედგება და ისინი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხს განიხილავენ, რომელიც პარლამენტში შესვლას და არჩევნების საკითხს შეეხება.

მსგავსი თემები