ტყის კენწეროები ბილიკები ლაგოდეხის ნაკრძალში  

მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკების მსგავსად, ტყის კენწეროების ბილიკი საქართველოში პირველად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, მოეწყობა.

ხის კენწეროების ბილიკის პროექტირებაზე გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში, გერმანულ-ჰოლანდიურმა კომპანიამ გაიმარჯვა. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. მსგავსი რამ საქართველოში აქამდე არ  ყოფილა/

დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. ვიზიტორები ბილიკის დათვალიერებისას ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას გაეცნობიან. წინასწარი გათვლებით, ლაგოდეხის ტყის კენწეროების ბილიკი წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის უმასპინძლებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანია Cityforester, რომელიც ევროპის წამყვან ქვეყნებში არქიტექტურა-ურბანიზაციის მიმართულებით მუშაობს, პროექტს კიდევ ორ უცხოურ კომპანიასთან ერთად შეადგენს. პროექტს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი აფინანსებს.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები თბილისიდან 160 კილომეტრში მდებარეობს. სიღნაღიდან და ყვარლიდან 35 კილომეტრში, თელავიდან 80–ში, აზერბაიჯანის საზღვრიდან კი 5 კილომეტრშია. ლაგოდეხის ნაკრძალი პირველი დაცული ტერიტორიაა კავკასიაში. ის 1912 წელს დაარსდა. გამორჩეულია მსოფლიოში ერთ-ერთი უკეთესად შემონახული, პირველყოფილი, ველური ბუნებრივი ლანდშაფტებით.

მსგავსი თემები