“კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში ჯერჯერობით ერთადერთ პაციენტთან დადასტურდა” – თენგიზ ცერცვაძე

არის თუ არა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის გაზრდილი რაოდენობა – თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ამ მიმართულებით საკონტროლო კვლევები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ერთი შემთხვევა ფიქსირდება.

ე.წ. ბრიტანული შტამი საქართველოში 50 წლის ქალს დაუდასტურდა. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ქვეყანაში ეპიდვითარებას სტაბილურად აფასებს, რაც მისი განმარტებით მოქმედი შეზღუდვების დამსახურებაა.

“ახალი შტამი საქართველოში, ჯერჯერობით, ერთადერთ პაციენტთან დადასტურდა. რამდენად მოიკიდა ფეხი, არ ვიცით, მიმდინარეობს საკონტროლო კვლევები. ყველა პაციენტს იმ ახალ შტამზე ვერავინ გასინჯავს, ძალიან რთული მეთოდია, სინჯავენ ამორჩევით, მაგალითად ყოველ მეათეს, მეასეს, ან ვისაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

რაიმე გადაძაბვა, რაიმე კრიზისი კრიტიკული, რომლის მართვაც ჯანდაცვას უჭირდეს, როგორც ვხედავთ, არ არის. სტაბილური ეპიდსიტუაციაა. შეზღუდვებმა მოიტანა,” – განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები