პროკურატურამ ილიჩოვა-მელაშვილის საქმის გამოძიება დასრულა – ჯერი სასამართლოზეა

ე.წ. კარტოგრაფების საქმის სახელით ცნობილი ილიჩოვა-მელაშვილის საქმის გამოძიება დასრულებულია. როგორც პროკურორი მიხეილ სადრაძე განმარტავს, საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება.

„აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია ორი პირის მიმართ. კერძოდ, ი.მ.-სა და ნ.ი.-ს მიმართ. მათ ბრალად ედებათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენა, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულების, ი.მ.-სა და ნ.ი.-ს მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაასრულა.

მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული. გამოძიების მიერ მოპოვებულია უამრავი მტკიცებულება. გამოკითხულია ათეულობით მოწმე. მოპოვებულია ყველა რელევანტური დოკუმენტაცია, ელექტრონული ინფორმაცია, რუკა და სხვა კარტორაფიული მასალები. ასევე, მიღებულია არაერთი ექსპერტიზის დასკვნა. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულების ი.მ.-სა და ნ.ი.-ს მიმართ, უახლოეს მომავალში არსებითად განსახილველად წარიმართება სასამართლოში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სხვა შესაძლო დამნაშავე პირთა გამოვლენის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და გამოძიების შედეგების თაობაზე ინფორმაცია საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება“, – განაცხადა პროკურორმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებას გულისხმობს.

მსგავსი თემები