მერიის ორგანიზებული საახალწლო სატელევიზიო კონცერტები ხვალ სრულდება

  •  

თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული და მხარდაჭერილი საახალწლო პროექტები დასასრულს უახლოვდება. 13 იანვარს, კომპანია “Bukajazz Entertainment”-ის  ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და ტელეკომპანია “იმედის” ერთობლივი კონცერტი გაიმართება.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, საახალწლო კონცერტში, რომელიც პირდაპირი ტრანსლაციით ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაიცემა, მონაწილეობას მიიღებენ ყველა თაობის ქართველი საესტრადო შემსრულებლები.

„აღნიშნული პროექტისთვის სპეციალურად  შეიქმნა კომპოზიციების ახალი ვერსიები, ნიკოლოზ რაჭველის, ბუკა კარტოზიას და რუსუდან მორჩილაძის ხელმძღვანელობით. ღონისძიება პირდაპირ ეთერში 22:30 საათზე დაიწყება. 14 იანვარს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ქართული ესტრადის მონაწილებით საუკეთესო ჰიტებისგან შემდგარი საახალწლო კონცერტი გადაიცემა.

13 და 14 იანვარს, ტელეკომპანია PostTV-ს ეთერში 2 სატელევიზიო კონცერტი გაიმართება. პირველი საღამო ფოლკლორულ ანსამბლებს და სიმღერის გუნდებს დაეთმობა, ხოლო ძველით ახალ წელს, მაყურებელი მონატრებულ საესტრადო შემსრულებლებს შეხვდება.  არტისტების მხარდასაჭერად, თბილისის მერიის ინიციატივითა, ჯამში 6 სატელევიზიო კონცერტი და 2 ონლაინ პროექტი განხორციელდა, რომელშიც 500-მდე შემსრულებელი იყო ჩართული. სხვადასხვა მუსიკალური მიმართულების საღამოები კოვიდ პანდემიის პირობებში რეგულაციების სრული დაცვით დაიგეგმა“ – აცხადებენ მერიაში.  

მსგავსი თემები