ბორჯომ-ხარაგაულის პარკში, ხანძართან ბრძოლისას რეინჯერი დაიღუპა (ვიდეო)

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დღეს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოების დროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსი 43 წლის ივანე კუპრაძე დაიღუპა. იგი ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2003 წლიდან მუშაობდა. გამორჩეული და თავდადებული შრომისთვის არაერთხელ აქვს მიღებული მადლობის სიგელი. იგი გამოირჩეოდა ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით და ხშირად ჩაუგდია თავი საფრთხეში.

“ბუნება არის შესანარჩუნებელი და მომავალი თაობისთვის გადასაცემი. დღეს რომ ასეთ სუფთა ჰაერზე ვართ, მინდა, რომ ჩვენმა შვილებმაც ისიამოვნონ ამ უნიკალური ლამაზი ბუნებით. ბაბუა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ თუ ბუნება გიყვარს, არ შეიძლება იყო ცუდი ადამიანი. მან ბავშვობიდან შემაყვარა ბუნება, ზაფხულობით მთაში მივყავდი ხოლმე”, – ამბობს ივანე კუპრაძე ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

ფოტო” რეგინფო.გე

მსგავსი თემები