იანვრის ბოლოსთვის საქართველო მზად იქნება პირველი ვაქცინა მიიღოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მიმდინარე თვის ბოლოს უნდა შემოვიდეს. მისივე თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინა შეიძლება ის პირველი ვაქცინა გახდეს, რომელსაც მივიღებთ.

„როგორც „ფაიზერის,“ ისე „ასტრაზენეკას“ ვაქცინას შესაბამისი მარეგულირებლისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება მიღებული  აქვს. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ვაქცინებს, რომლებიც ამჟამად შემუშავების პროცესშია, რა თქმა უნდა, მათაც აქვთ გარკვეული პერსპექტივა იმ კუთხით, რომ მარეგულირებელთა ავტორიზაცია მიიღონ“ – განაცხადა გაბუნიამ და არ გამორიცხა, რომ საქართველო სხვა ვაქცინების შემოტანასაც განიხილავს.  

„გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენთვის ტექნოლოგიურად უფრო მარტივი ის ვაქცინა იქნება, რომელსაც ცივი ჯაჭვი 2-დან 8-გრადუსამდე სჭირდება და არ სჭირდება კომპლექსური ცივი ჯაჭვი  – მინუს 70 გრადუსი, რაც არის “ფაიზერი“. ტექნოლოგიურად უფრო მარტივი, რა თქმა უნდა, “ასტრაზენეკა“ იქნება“, – განმარტა მან პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე.

რაც შეეხება ვაქცინის რაოდენობას, გაბუნიას თქმით, „კოვაქსის“ პლატფორმიდან შეკვეთილია ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის, რაც 700 ათასი ადამიანია და მთლიანობაში მილიონ 400 ათასი დოზაა, რადგანაც ვაქცინა 2-ჯერ კეთდება.

მსგავსი თემები