N51 სკოლის დირექტორს გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუკმაყოფილეს

  •  

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო, N51 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ, რომელიც დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, თანამდებობა დატოვა. დირექტორ მანანა თურქაძეს კი განცხადება გადადგომის შესახებ არ დაუკმაყოფილეს.

სამეურვეო საბჭომ N51 საჯარო სკოლის დირექტორის მანანა თურქაძის სკოლაში დარჩენის საჭიროება შექმნილი აუცილებელი ვითარებით ახსნა.

სკოლის სამეურვეო საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1-ელ დეკემბერს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო თინათინ ყენია, რომელმაც 2018 წლის 11 ივლისს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა დაკავებული თანამდებობა. განცხადებაში ასევე საუბარია სკოლის რთულ ვითარებაში ფუნქციონირებაზე, რასაც დირექტორის შეცვლა კიდევ უფრო დაამძიმებდა.

„სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ განიხილა N51 საჯარო სკოლის დირექტორის 3 სექტემბრის განცხადება გადადგომის თაობაზე და არ დააკმაყოფილა რიგი არგუმენტების გამო. 2017 წლის 1 დეკემბრიდან დღემდე სკოლას რთულ ვითარებაში უხდება ფუნქციონირება და ცვლილება გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ სირთულეს სასწავლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვისათვის. სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა, სამეურვეო საბჭომ და ადმინისტრაციამ გაიარა უმძიმესი პერიოდი. საფრთხე და

საშიშროება კვლავ რეალიურია, სკოლა ყოველდღიურად ახალი რისკების წინაშე დგას. სამეურვეო საბჭო ფიქრობს, რომ დირექტორისთვის მორალურად და ფიზიკურად უფრო მარტივი იქნებოდა თანამდებობის დატოვება. მოცემულ სიტუაციაში სამეურვეო საბჭო ვერ იღებს პასუხისმგებლობას ამ განცხადების დასაკმაყოფილებლად.

სამეურვეო საბჭო ამზადებს მიმართვას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიისადმი, რომელსაც უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს“, – აღნიშნულია სამეურვეო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების ნაწილი კი N51-ე სკოლის ყოფილი დირექტორისა და მოადგილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

 

მსგავსი თემები