“მოლაპარაკებების მაგიდასთან მყოფი ოპოზიცია მინიმუმ ორ ბანაკად არის გაყოფილი” – არჩილ თალაკვაძე

“უნდა ვიყოთ რეალისტები და პირდაპირ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას – ჩვენ და ჩვენი ქვეყნის მეგობარ ელჩებს გვსურს ერთიანი შეთანხმების მიღწევა ოპოზიციასთან, რომელიც ორ ბანაკად არის სინამდვილეში გაყოფილი – ერთს საერთოდ არ სურს და არ აწყობს შეთანხმება და მეორეს ინტერესებში შედის ამ შეთანხმების მიღწევა. ეს არ არის არანაირი ერთიანი ოპოზიცია და არ არის ერთი ღირებულების გარშემო გაერთიანებული ხალხი,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” მოლაპარაკებების შეთანხმებით დასრულება და პარლამენტში შესვლა იმიტომ არ სურს, რომ არჩევნებში ისევ დამარცხდა და ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთ გზად დესტაბილიზაცია ესახება. რაც შეეხება “ევროპულ საქართველოს”, არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ პარტიის ლიდერებმა მანდატები ვერ აიღეს და შესაბამისად, მათთვის აზრი არ აქვს, შეთანხმება შედგება თუ არა – ვერცერთ შემთხვევაში ვერ შედიან პარლამენტში. 

 “ნაციონალურ მოძრაობას” არ უნდა მოლაპარაკებების შეთანხმებით დასრულება და პარლამენტში შემოსვლა იმიტომ, რომ მიღებული შედეგით, ნახეს, რომ ისინი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობდნენ. გვახსოვს ცდილობდნენ, აედუღებინათ სამეგრელო, ცდილობდნენ შეეიარაღებინათ ხალხი აჭარაში, ამბოხებისკენ მოუწოდებდნენ სხვადასხვა დროს, ძალადობრივი შეტევაც კი გააკეთეს პარლამენტზე. მთელმა მსოფლიომ დაინახა, რა იყო სახელმწიფოს რეაქცია როდესაც ძალადობრივი შეტევა მოხდა აშშ-ში კონგრესის შენობაზე, შეადარეთ და მიხვდებით, რომ არც აშშ-ში, არც საქართველოში და არცერთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, არავინ მოითმენს პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. “ნაციონალურ მოძრაობას” არ უნდა რომ შემოვიდეს პარლამენტში და ეს პროცესი დასრულდეს შეთანხმებით, ვინაიდან მათ ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთ გზად ესახებათ დესტაბილიზაცია, “ევროპულ საქართველოს” ასევე არ უნდა, რომ ეს შეთანხმება შედგეს, იმიტომ, რომ ეს შეთანხმება რომ შედგეს, “ევროპული საქართველოს” მაინც ვერ შედიან პარლამენტში. სწორედ ამიტომ, ეს ორი ძალა დანარჩენ ოპოზიციას აშანტაჟებს და აიძულებს უარი თქვან საპარლამენტო მანდატებზე,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები