„ქართული ოცნების“ ყრილობა 16 იანვარს გაიმართება

შაბათს, 16 იანვარს, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა გაიმართება და მას მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-მდე დელეგატი დაესწრება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.

„პოლიტიკურმა საბჭომ ასევე დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების 21-კაციანი სია. ახალი პოლიტსაბჭოს წევრთა ვინაობას შაბათს ყრილობაზე შეიტყობთ.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არის, რა თქმა უნდა, გამოწვევა ჩვენი პარტიისთვის. ახლა ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და შემართება, რათა ერთად დგომით და ყოველდღიური მუშაობით ბოლომდე მივიყვანოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული საქმე და საქართველო საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ, კიდევ უფრო განვამტკიცოთ დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ავამაღლოთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, დავძლიოთ სიღარიბე და ჩვენი ქვეყანა დასავლური სტრუქტურების სრულფასოვან წევრად ვაქციოთ.

დარწმუნებული ვართ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთიანობით და მიზანდასახული მუშაობით, ამ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები