ოკუპირებულ გაგრაში ხანძარი კვლავ მძვინვარებს

ოკუპირებულ აფხაზეთში ძლიერი ხანძარი კვლავ მძვინვარებს. განსაკუთრებით სავალალოა მდგომარეობა გაგრაში, სადაც ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს სულ უფრო უახლოვდება. საფრთხეშია ცნობილი ასწლოვანი შენობა, რესტორანი “გაგრიფში”, რომელსაც ცეცხლი ძალიან მიუახლოვდა. 

ოკუპირებული რეგიონის ადგილობრივი მედიის ცნობით, მეხანძრეები ცდილობენ შენობა ხანძარს გადაარჩინონ და მიახლოებული ცეცხლისგან დაიცვან. 

რესტორანი “გაგრიფში” მე-19 საუკუნის უნიკალური შენობაა, რომელიც ნორვეგიიდან და ვენიდან პრინც ოლდენბურგის დავალებით დაშლილ მდგომარეობაში ჩამოიტანეს და ადგილზე ააწყვეს.

ამასთან, ოკუპირებულ რეგიონში ხანძრის ჩასაქრობად მოხალისეების მობილიზება დაიწყო. ადგილობრივები უკვე რამდენიმე დღეა ცეცხლისგან დასახლებული პუნქტების გადარჩენას საკუთარი ძალებითაც ცდილობენ, ვინაიდან ოკუპირებულ რეგიონში სათანადო რესურსი არ არსებობს. ავიაციის სახით დახმარება კი მათ ოკუპანტმა ძალამ ამ დრომდე არ დაახმარა, დე ფაქტო მთავრობა საქართველოს ხელისუფლებისგან დახმარების შეთავაზებას უკვე მესამე დღეა არ იღებს. 

დღეს ტყეების გადარჩენის მოთხოვნით სოხუმის ცენტრში საპროტესტო აქციაც გაიმართა. ამ დროისთვის ოკუპირებულ რეგიონში ცეცხლის კერა რამდენიმე რაიონშია, განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა გაგრის რაიონში, აქ ხანძარმა უკვე გაანადგურა რამდენიმე ათეული ჰექტარი ტყე. ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა და მაშველები ბუნების იმედად რჩებიან, ხვალ გაგრაში წვიმას ელოდებიან.

მსგავსი თემები