ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს

ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს. აღნიშნულ ინფორმაციას ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე – დასის უპატივცემლობის უკიდურესი გამოვლინებაა.

„მთელ რიგ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეულია საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში (НОВАТ). თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე – დასის უპატივცემლობის უკიდურესი გამოვლინებაა. ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება, ხსენებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევამდე“, – აღნიშნულია ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოფიციალურ ვებსაიტზე.

ამასთან, თეატრის ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება იანვრის შუა რიცხვებში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ვლადიმირ კეხმანსა და ნინო ანანიაშვილს შორის შეხვედრის შემდეგ მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ნინო ანანიაშვილმა ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია “რადიო თავისუფლებას” რამდენიმე დღის წინ მიაწოდა. ის აცხადებდა, რომ დასის გასაცნობად იანვრის ბოლოს უნდა ჩასულიყო ნოვოსიბირსკში.

მსგავსი თემები