19 წლის ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი დანაშაულს არ აღიარებს

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის გიორგი ახლოურის ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს. ადვოკატი გირაოს რაოდენობას არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნულს სასამართლო პროცესზე ბრალდებულთან შეათანხმებს.

თამარ გაჩეჩილაძის განცხადებით, ბრალდების მხარე სასამართლოს პატიმრობის მოთხოვნით მიმართავს. გაჩეჩილაძის განმარტებით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. მისი თქმით, კონფლიქტი ძმებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო.

„ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს. ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას იყენებს და ჩანიშნულია პროცესი. ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობს. ჩვენ გვინდა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო მოვითხოვოთ. შევეცდებით, დავასაბუთოთ, რატომ უნდა იყოს გამოყენებული გირაო და არა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა. კამათი დაიწყო ყოფით ნიადაგზე, რაც უკავშირდებოდა ტელევიზორის ხმის ჩაწევას“, – აცხადებს თამარ გაჩეჩილაძე.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12:30 საათზეა  დაგეგმილი.

სამართალდამცველების ინფორმაციით, გიორგი ახლოურმა 19 წლის ძმას, მიშა ახლოურს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გიორგი ახლოურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები