ნინო ანანიაშვილი რუსეთში საბალეტო დასს უხელმძღვანელებს

ნინო ანანიაშვილი რუსეთში საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართველი პრიმა ბალერინა 2021 წლიდან ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს ჩაიბარებს. პარალელურად ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება.

ბალერინა გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს.

“ყველაზე დიდი სირთულეები ბალეტის მსახიობებს დაატყდათ თავს. მარტში ერთი წელი გახდება, რაც დაკეტილები ვართ და ისევ არ ვიცით, გავიხსნებით თუ არა. შვიდი გასტროლი გაგვიუქმდა. ყველა დადგმამ შემდეგ წელში გადაიწია, მაგრამ რა იქნება, ეგეც გაურკვეველია. არც ის ვიცით, როგორი ფინანსური პრობლემები გველის წინ, მაგრამ ნამდვილად რომ გვექნება, ეს ცხადია. ამიტომ გამოსავალი ვიპოვე ასეთ თანამშრომლობაში. ნოვოსიბირსკის თეატრიც ეძებდა ისეთ თეატრს, რომელთანაც შეძლებდნენ თანამშრომლობას მსახიობების, პედაგოგების, ქორეოგრაფების მხრივ.
სამწუხაროდ, ის წინადადებები, რომლებიც მე აქამდე მქონდა უცხოეთიდან, მათ შორის, ამერიკიდან, საქართველოში მუშაობას გამორიცხავდა. ძალიან ბევრ შეთავაზებაზე ვთქვი უარი. კომპრომისებს ვეძებდი, მინდოდა სხვასთან თანამშრომლობა, მაგრამ ყველგან დაიკეტა ყველა თეატრი. შემდეგი სეზონებიც კი დახურულია. ასეა, მაგალითად, ჩემს საყვარელ მეტროპოლიტენ ოპერაში. მსახიობები უმუშევრად დარჩნენ და ზოგიერთს ხელფასსაც კი არ უხდიან. ჩვენი მსახიობებიც უკვე ცხრა თვეზე მეტია უსცენოდ არიან. ოთხი პატარა სპექტაკლი დავდგით სექტემბერში. ეს იყო და ეს.

მე არ ვტოვებ დასს, აქ ვრჩები და ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა მე უფრო მეტ საშუალებას მომცემს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტი ყურადღება მოვიზიდო ჩემს მიმართ და საქართველოს დასის მიმართ. გეტყვით კიდევ ერთ მიზეზს, რატომაც დავთანხმდი – ამ თეატრში სპექტაკლებს დგამს ძალიან ცნობილი ქორეოგრაფი ნაჩო დუატო. დღემდე ვერაფრით მოვახერხე მისი საქართველოში წამოყვანა. რატომღაც არ მოდიოდა საქართველოში. ან დასს არ იცნობდა, ან სხვა მიზეზი იყო. ახლა – მე მექნება შესაძლებლობა ნაჩო დუატოს სპექტაკლი დავდგათ საქართველოში,” – აღნიშნა ანანიაშვილმა.

კითხვაზე, როგორ შეხვდა გადაწყვეტილებას მისი მეუღლე გრიგოლ ვაშაძე, პრიმა ბალერინა პასუხობს : 

“ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო და სულ არ გახარებია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სახლში ნაკლებად ვიქნები. უბრალოდ, ჩვენ გაყოფილი გვაქვს სფეროები – მე არასოდეს ვერევი პოლიტიკაში, ის თავად იღებს თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ხანდახან არც ვარ საქმის კურსში. ეს კი ჩემი ცხოვრებაა დღეს, ჩემი სფეროა, ჩემი პროფესია და ხელოვნება. და ამ პროფესიით მინდა მეტი გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის.

ნინო ანანიაშვილი აცხადებს, რომ კრიტიკისთვის მზად არის და პოლიტიკური შეხედულების შეცვლას გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით არ აპირებს.

მისი თქმით, საქართველოს მიმართ სიყვარული არასოდეს განელებია.

“კი, მე ველი კრიტიკას, მაგრამ მე ჩემს პოლიტიკურ შეხედულებას, აქ ვიქნები თუ იქ, არ შევიცვლი და ამაზე ხშირად მისაუბრია. 15 წელია არც წარმოდგენა გამიმართავს იქ და სულ უარს ვამბობდი. მაგრამ მე მაინც პოლიტიკური სიტუაციის მიღმა განვიხილავ ამ ყველაფერს. ვიცი, რომ გამაკრიტიკებენ, მაგრამ მე ვცეკვავდი რუსეთში, რუსეთის ბალერინა ვიყავი და ამის გამო, ჩემი სიყვარული საქართველოს მიმართ არასოდეს მომიკლია. ახლა ალბათ ყველას ყველაფერი დაავიწყდება და არც გაიხსენებენ ამას. არც ჩემს გამოსვლებს იგივე ამერიკული მედიით, სადაც მე მუდამ საქართველოს დაცვის პოზიციიდან ვლაპარაკობდი. კიდევ ვიმეორებ, მე არ მივდივარ მხოლოდ იქ. მე ისევ ვრჩები საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელად და ვიქნები ნოვოსიბირსკის ბალეტის ხელმძღვანელიც. ასე ჩაიწერება ჩემს CV-შიც. და მე მოველი, რომ შემოტევა იქნება პირადად ჩემი მისამართით, მაგრამ მზად ვარ. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს ხელოვნება ასეთი გაპოლიტიზირებული. გერმანიასთანაც გვქონდა ომი და ათასობით ჩვენი მოქალაქე დაიღუპა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დღეს არ ვემეგობროთ მათ. სხვათაშორის, სპეციალურად დავთანხმდი იმიტომაც, რომ ეს არ იყო დიდი ქალაქი. თუმც კი, ციმბირია, საკმაოდ რთული მხარე და ყველა გამოწვევა გავიზრე – ოღონდ იმ მოტივით, რომ საქმეს კი არ გავაფუჭებ ამით, არამედ პირიქით,”- განაცხადა ნინო ანანიაშვილმა.

მსგავსი თემები