ალილოსთვის შეგროვილი შესაწირი სამების ტაძარში, ასევე 7 იანვარს თორმეტიდან ხუთ საათამდე რესპუბლიკის მოედანზე შეგროვდება

სამების ტაძრის არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი მოქალაქეებს დამდეგ შობის დღესასწაულს ულოცავს. მისი თქმით, დღესასწუალთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.

იოანე მჭედლიშვილის განმარტებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში 22:00 საათზე მივა, საშობაო ეპისტოლეს კი არქიდიაკონი წაიკითხავს.

„მინდა, ყველა მართლმადიდებელს მივულოცო დამდეგი შობის დღესასწაული. ათასწლეულობის განმავლობაში კაცობრიობას მოლოდინი ჰქონდა, რომ მოევლინებოდა მესია და მართლაც ბეთლემში ღვთისმშობელი მარიამისგან იშვა ყრმა, რომელმაც გამოიხსნა ბუნება ადამიანისა და შესაძლებლობა მისცა ადამიანს, რომ სამოთხე დაემკვიდრებინა. ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება საზეიმო წირვა-ლოცვები. მისი უწმინდესობა სამების საკათედრო ტაძარში მობრძანდება საღამოს 11:00 საათზე. არქიდიაკონი წაიკითხავს საშობაო ეპისტოლეს“, – განაცხადა იოანე მჭედლიშვილმა.

მან საშობაო ალილოს ტრადიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის გამო, წელს მსვლელობა არ გაიმართება, თუმცა მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ალილოსთვის შეგროვილი შესაწირი სამების ტაძარში, ასევე 7 იანვარს 12:00 საათიდან ხუთ საათამდე რესპუბლიკის მოედანზე მიიტანონ.

„ამ დღეს ტრადიციულად, წლებია უკვე ტარდება ალილო. წელს ცოტა სახეცვლილი იქნება. პანდემიიდან გამომდინარე, არ იქნება მსვლელობა. მოგეხსენებათ, უამრავი ადამიანი იღებდა ხოლმე ალილოს მსვლელობაში მონაწილეობას. ახლა მანქანებით, ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით მოხდება ქალაქის დალოცვა, კურთხევა ნაკურთხი წყლით და ვისაც ალილოსთვის შესაწირი სურს გაიღოს, მათ შესაძლებლობა ექნებათ, სამების საკათედრო ტაძარში მოიტანონ. ასევე, 7-ში 12:00-დან ხუთ საათამდე რესპუბლიკის მოედანზე შესაძლებლობა ექნებათ, მიიტანონ.

ეს შესაწირი შემდგომ აუცილებლად დაურიგდებათ პატიმრებს, ბავშვთა სახლებს და მოხუცთა თავშესაფრებს. პანდემიის პირველივე დღეებიდან მოინიშნა ტაძრები, ეზოები და ჩვენი ბერები თხოვენ ხოლმე, რომ პირბადე ეკეთოთ ადამიანებს, დისტანცია დაიცვან, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება დაცული. ასევე, საპატრიარქოს რეკომენდაცია თავიდანვე იყო ისიც, რომ ვინც არის ე.წ. რისკ ჯგუფებში, თავი შეიკავონ მსახურებაზე დასწრებისგან“, – განაცხადა იოანე მჭედლიშვილმა.

ამასთან, იოანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, ალილოსთან დაკავშირებით შეიკრიბებიან სამების საკათედრო ტაძარში, საიდანაც რესპუბლიკის მოედანზე გაემართებიან მანქანები.

„იქიდან უკვე ქალაქის მასშტაბით წავლენ სასულიერო პირები“, – დასძინა სამების ტაძრის არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.

მსგავსი თემები