„ალილოს“ მსვლელობა არ მოეწყობა

წელს, „ალილო“ სახეცვლილად ჩატარდება და ისეთი მასშტაბური და საზეიმო არ იქნება, როგორც ყოველ წელს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ხვალ, საშობაო მსახურებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II აღასრულებს.

„მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში დიდებული დღესასწაულია. შობას საქართველოში კიდევ უფრო სადღესასწაულო ელფერი, უწმინდესის კურთხევით 2000 წლიდან მიეცა. წლებია, 7 იანვარს, თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა – „ალილო“ ეწყობა. მსვლელობის დროს გროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რიგდება.

„ალილო“ წელსაც არ არღვევს ტრადიციას, თუმცა მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, სახეცვლილად ჩატარდება: არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას. ალილოობის დღესასწაულს წელსაც ერთად აღვნიშნავთ და შევძლებთ გავახაროთ ბავშვები, მოხუცები და პატიმრები… საშობაო მსახურება დაიწყება ხვალ, ოთხშაბათს საღამოს 23:00 საათზე, რომელსაც აღასრულებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II”, – ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები