“საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ დეოკუპაციის თემა მუდამ დღის წესრიგში იყოს” – მამუკა მდინარაძე

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ დეოკუპაციის თემა მუდამ დღის წესრიგში იყოს, ამ შეუქცევად გზაზე ფრთხილი და სწორი ნაბიჯებით შერიგების გზით უნდა ვიაროთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ჩვენი ოპონენტების საკმაოდ დიდი ნაწილის, ადგილზე საერთოდ არ ვილაპარაკებდი საზღვართან დაკავშირებით, რადგან მათი “ძლიერი მხარე” ეს თემა არ არის. ალბათ, ხვდებით, ვისაც ვგულისხმობ. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ საზღვრების საკითხი იყოს ძალიან სენსიტიური თემა, მუდამ დღის წესრიგში იყოს დეოკუპაციის თემა და ამ შეუქცევად გზაზე ფრთხილი და სწორი ნაბიჯებით შერიგების გზით უნდა ვიაროთ. რაც შეეხება საზღვრების დადგენის საკითხს, სახელმწიფომ თითოეულ დეტალზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ასეც ვიქცევით. მათ შორის დავით გარეჯის თემა გახსოვთ. თითოეულ დეტალს ისე მივყვებით, რომ ეროვნული ინტერესები იყოს პირველ ადგილზე დაყენებული. რუსეთისგან პროვოკაციის გარდა, არაფერს ველით და არ ვფიქრობ, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ისეთი ნაბიჯი იქნება გადადგმული, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებში იქნება. ამას ყველა ჯერზე მტკიცედ უნდა დავხვდეთ, ამაში ხელს გვიწყობენ დასავლელი პარტნიორები და ამ გზაზე უნდა ვიაროთ, სხვა გზა არ გვაქვს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა დაევალა.

მსგავსი თემები