“სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა ყველაზე მთავარია, რათა ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს” – დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილებაში პოლიტიკური შემადგენელიც არის.

სერგეენკოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ  პარლამენტის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია კონსტრუქციული ოპოზიციის ყოფნა, ეს არ ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს.

„მნიშვნელოვანია პროცედურები, მაგრამ მთავარია, ღია პოლიტიკური შეთანხმება და არა კულუარული“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, დავით სერგეენკო გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს საპროტესტო აქციების გამართვის თაობაზე და აღნიშნა, რომ პროტესტის გამოხატვა კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა მნიშვნელობა აქვს, რა მიზნებს ემსახურება ის.

სერგეენკო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, პარლამენტის გამართული მუშაობა მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს.

„პროტესტის გამოხატვა კონსტიტუციური უფლებაა და მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, თუმცა, ზოგადად, პროტესტის გამოხატვა შეიძლება ქმედითი ინსტრუმენტი იყოს. ამასთან, გააჩნია, რა მიზნებს ემსახურება – საკუთარი ძალაუფლების მოპოვებას თუ ქვეყნის წინ წაწევას. ამ ვითარებაში, ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, პარლამენტის გამართული მუშაობა, ყველაზე მთავარია იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მსგავსი თემები