2021 წელს ბუკიას ბაღის სრული რეაბილიტაცია იგეგმება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2021 წელს ბუკიას ბაღის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ბაღში ამჟამად არსებული სიტუაცია ძალიან მძიმეა და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სიცრცე მოწესრიგდება.

„2021 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი გვაქვს ბუკიას ბაღის სრული რეაბილიტაცია და განახლება. არსებული მდგომარეობა, რაც ამ ბაღში გვაქვს, ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მიხარია, რომ ეს სიცრცე მოწესრიგდება. აღნიშნული ტერიტორია მოიცავს სივრცეებს, რომელიც სამწუხაროდ, კერძო საკუთრებაშია. ეს მაშინდელი გასხვისებული თემებია, როდესაც სხვა გადმოსახედიდან უყურებდნენ ჩვენს ქალაქს. სამწუხაროდ, იცით უამრავი ფაქტი, როდესაც სკვერების, პარკების გასხვისება და შემდეგ სხვადასსხვა მიზნით მათი გამოყენება ხდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ სივრცეების ისევ წამოღება მუნიციპალიტეტში და შემდეგ ერთიანი გეგმითა და ხედვით მოხდეს ამ სივრცის მოწესრიგება, განახლება. თუ არ ვცდები, დღეს ეს კონკრეტული ტერიტორია შემოღობილია. ეს უნდა იყოს სივრცე, სადაც ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა, დაისვენოს, გაერთოს, განიმუხტოს, რადგან დღეს ყველაზე მეტად ჩვენს ქალაქს სჭირდება მწვანე სივრცეების არსებობა“,-განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები