“ბიზნესმენებს ბანკები ვერ ეხმარებიან, უფრო საკუთარ თავზე ფიქრობენ” – კახა კახიშვილი

“ქართული ოცნების” დეპუტატმა კახი კახიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ განაცხადა, რომ ბიზნესის დიდი ნაწილი გაკოტრების პირასაა და ამის ფონზე, ბანკები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ.

“ბიზნესმენების ძალიან ბევრი ნაწილი უკვე გაკოტრების პირასაა. ერთი მხრივ, აღებული აქვთ კრედიტები, მეორე მხრივ, ამ კრედიტებს ვერ ფარავენ იმიტომ, რომ შემოსავლები არ არსებობს. ამავდროულად, ბუნდოვანი პასუხები ესმით ბანკებიდან და დიდად ვერ ეხმარებიან ბანკები. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავზე უფრო ფიქრობენ. ხომ არ ჯობია, რომ ფინანსთა სამინისტროში შეიქმნას ცხელი ხაზი, რომელიც განუმარტავს მოქალქეებს, ვის რა შეღავათი ეკუთვნის კონკრეტულად,” – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი კახა კახიშვილი.

პარლამენტის წევრებს შეკითხვები ჰქონდათ ფინანსთა მინისტრთან:

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა კი,  ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს კითხვით მიმართა –  სახელმწიფო ეკონომიკის აღმდგენი გენერატორის როლს თავის თავზე იღებს, თუ ამ როლს კერძო სექტორს აძლევს. 

რა სცენარის მოლოდინი გაქვთ, რომ ჩვენ შევძლოთ საგარეო ვალის ეტაპობრივად შემცირება და ამასთან ერთად საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებაც? – ამ კითხვით მიმართა პარლამენტის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა საქართველოს ფინანსთა მინისტრს.

დღეს პარლამენტმა ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს. რიგგარეშე სხდომა სამი საათია მიმდინარეობს. მიმდინარე წელთან შედარებით 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში ხარჯების მოცულობა თითქმის 222 მილიონი ლარით არის გაზრდილი – აქედან მესამედი პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისისთვის არის გათვალისწინებული. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება, თუმცა ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი გამოწვევებს პასუხობს.

მსგავსი თემები