“არ იქნება არანაირი სრული „ლოქდაუნი“ და შეზღუდვა გადაადგილებაზე, ავტომობილებით, თუ ფეხით” – გიორგი გახარია

  •  

არაფერი არ იცვლება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, მივყვებით გეგმას. ამ გეგმაში არაფერი არ შეიცვლება. არ იქნება არანაირი სრული „ლოქდაუნი“, არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე, ავტომობილებით, თუ ფეხით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით,  არანაირი „ლოქდაუნების“ და კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების აუცილებლობა, განსაკუთრებით გადაადგილებაზე, არ არსებობს, არ იქნება და ეს არის ჭორები.

„ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხსნა, სავაჭრო ობიექტები, ისინი დაიხურება. სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება. არანაირი შეზღუდვები გადაადგილებაზე ქვეყანაში არ დაწესდება და არანაირი სახის სრული „ლოქდაუნი“ ქვეყანაში არ გამოცხადდება. ამის აუცილებლობა არ არსებობს. მოგეხსენებათ, რომ ბოლოს დაწესებული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგებს, ჩვენ, დღეს უკვე ვგრძნობთ, რაც მთავარია, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გრძნობს, რომელიც მდგრადად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს არის.“, –  განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები