“მოვუწოდებ მოქალაქეებს, მარტივი სიმპტომების პირობებშიც კი, მივიდეთ და ტესტი გავიკეთოთ” – გიორგი გახარია

  •  

ქვეყანაში არის შესაძლებლობა, ყოველდღიურად ვაკეთოთ 20 ათასი ტესტი, მიუხედავად ამისა, მომართვიანობა საკმაოდ დაბალია. მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო, მარტივი სიმპტომების პირობებშიც კი, მივიდეთ და ტესტი გავიკეთოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა, როგორიცაა პირბადის ტარება. მისი თქმით, რაც უფრო მაღალია პირბადის ტარების პროცენტული მაჩვენებელი, მით უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევინარჩუნებთ და მით უფრო მალე აღდგება ჩვენი ეკონომიკა.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არის რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა  უნდა შევასრულოთ. მაგალითად, ეს არის მარტივი წესების დაცვა – პირბადე. რაც უფრო მაღალია პირბადის ტარების პროცენტი, მით უფრო დაბალია გავრცელება. კიდევ უფრო მარტივად ავხსნი. რაც უფრო მაღალია პროცენტული მაჩვენებელი პირბადის ტარების, მით უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევინარჩუნებთ და მით უფრო მალე აღდგება ჩვენი ეკონომიკა. რაც უფრო მეტი ტესტირება გაკეთდება, მით უფრო სწრაფი იქნება გამოვლენა და შესაბამისად, მკურნალობა. საბოლოო ჯამში, რაც უფრო სწრაფად გვექნება ვაქცინა ქვეყანაში, გლობალურად ყველანი დავამარცხებთ ამ ეპიდემიას. ამიტომ, მინდა ვიცოდეთ, რომ ქვეყანაში არის შესაძლებლობა, ყოველდღიურად ვაკეთოთ 20 ათასი ტესტი, მიუხედავად ამისა, მომართვიანობა საკმაოდ დაბალია. მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო, მაქსიმალურად, ვისაც ამის საჭიროება, არამედ ყველაზე მარტივი სიმპტომების პირობებშიც და უსიმპტომო პირობებშიც შეიძლება, მივიდეთ და ტესტი გავიკეთოთ, რათა გადავაზღვიოთ როგორც ოჯახის წევრები, ასევე ახლობლები, მივეხმაროთ ქვეყანას, რომ მზად იყოს სწრაფი ეკონომიკური აღდგენისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები