“ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მიზანი კვლავ აიღოს პასუხისმგებლობა და შექმნას მდიდარი, დასავლური საქართველო” – ნიკა მელია

  •  

„ოცნების“ ხელისუფლებამ ქართველი ხალხი გადააქცია ერთი კაცის საკარმიდამოდ, სადაც აღარ არსებობს დიდი მიზნები და ღირებულებები, ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმა კაცმა დაიცვას და გაამრავლოს საკუთარი ფული ჩვენს ხარჯზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მიზანი კვლავ აიღოს პასუხისმგებლობა და შექმნას მდიდარი დასავლური საქართველო, სადაც უმთავრესი ღირებულება ადამიანის თავისუფლება, ბედნიერება და კეთილდღეობაა.

“მინდა მოგესალმოთ ყველაზე ძლიერ, ყველაზე წარმატებულ პარტიას, რომელსაც ქვეყნისთვის ყველაზე მეტი სარგებელი მოუტანია. გუნდს, რომელიც არასოდეს შეგუებია უკანონობას, ქვეყნის გაღატაკებას, დაბეჩავებას, სიყალბეს. ვისაც თითოეული მოტყუების მცდელობა მხოლოდ აძლიერებს, მოტივაციას მატებს და ახალ, უფრო დიდ გამარჯვებისკენ მიჰყავს. მოგესალმებით ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში ერთადერთ პარტიას, რომელიც ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ არ გაქრა ასპარეზიდან და საქმიანობა გააგრძელა, როგორც მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ. პარტიას, რომელმაც 2003 წელს ბნელს ნათელით სძლია და „ვარდების“ რევოლუცია ოქროს ასოებით ჩაწერა ქვეყნის ისტორიაში. ჩვენს აქტივშია ხავერდოვანი, მშვიდობიანი რევოლუციაც და ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარებაც. ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია ორივე – იერიშიც და უკან დახევაც, ასეთი არის ხალხის ნება.

ის, რაც 2012 წელს შეძლო ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარებით არ და ვერ შეძლო ძალაუფლებას დაუფლებულმა ,,ქართულმა ოცნებამ“ და არჩევნების მიტაცების გზით მიიტაცა ხელისუფლება. მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს როგორც შეცდომას ისე გამოასწორებს ქართველი ხალხი. „ოცნების“ ხელისუფლებამ ქართველი ხალხი გადააქცია ერთი კაცის საკარმიდამოდ, სადაც აღარ არსებობს დიდი მიზნები და დიდი ღირებულებები ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმა კაცმა დაიცვას და გაამრავლოს საკუთარი ფული ჩვენს ხარჯზე. ამის საპირისპიროდ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ქვეყანა და დავიბრუნოთ იმედი. დიდი მიზნისკენ სავალ გზაზე ისინი გვაფერხებენ, მაგრამ ვერ შეგვაჩერებენ, ვინაიდან საქართველოს ისტორიას ვერ შეცვლიან. ქართველი ერის ბედისწერა გამარჯვებაა, ეს ვერ შეცვალა ვერავინ – ვერც შინაურმა მტერმა და ვერც გარეულმა და ბუნებრივია ვერ შეცვლის ვერც ივანიშვილი.

ძალიან მჯერა, რომ ახლა იწყება ჩვენი ისტორიის ახალი ეტაპი თქვენი უშუალო მონაწილეობით, მათი მონაწილეობით ვინც ჩვენს სახალხო პოლიტიკურ გაერთიანებაში ჯერ კიდევ არ არიან. მჯერა, რომ უახლოეს მომავალში გავხდებით უფრო მეტი, ბევრად კვალიფიციურები და ბრძოლისუნარიანები. ჩვენ დავწერთ საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან თავს და გამარჯვება დაიწყება აქ და ახლა. ,,ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მიზანი კვლავ აიღოს პასუხისმგებლობა და შექმნას მდიდარი დასავლური საქართველო, სადაც უმთავრესი ღირებულებაა ადამიანის თავისუფლება, ბედნიერება და კეთილდღეობა. “ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ნება იდეა და მოტივაცია იყოს თითეული თქვენგანის პარტია, რომელიც წარმატებას მოუტანს ყველას ერთად და არა საკუთარ თავს. ქვეყანამ უნდა გაიმარჯვოს, კმარა უფსკრულისკენ სვლა და გამარჯვება ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ”, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები