„სექტორი მკვდარია, 300 000 ადამიანი სამსახურის გარეშე“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, მთელ ქვეყანაში სულ 9 სასტუმრო მუშაობს და მათაც უთხრეს, რომ ახალი წელი არ უნდა დაგეგმონ. როგორც ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სექტორი მკვდარია.  

„რეალურად, გუშინდელ დღემდე მოლოდინი არ გვქონდა, რომ რამე გაიხსნებოდა. სულ თითზე ჩამოსათვლელი სასტუმროებია, რომლებიც აპირებდნენ ახალ წელს ღონისძიება ჰქონოდათ. გუშინ კი ამ სასტუმროებს, რომელიც ერთ ათეულზე მეტიც არ არის, უთხრეს, რომ  ახალი წლის ზეიმი არ უნდა გააკეთონ. რეალურად, განსაკუთრებული მოლოდინი არც გვქონდა, რომ რამე გაიხსნებოდა. ყველაზე დაზარალებული სექტორი ვართ ქვეყანაში, სექტორი არ არსებობს, თითქმის ყველაფერი დახურულია.  სექტორი ფაქტობრივად, არის მკვდარი. მოლოდინი არ გვქონია, გახსნაზე. მოლოდინის გაჩენამ ბევრჯერ დაგვაზარალა ადრე, წინა პერიოდში, რადგან ველოდით, უნდა გავხსნილიყავით, ან გახსნილი ვიყავით და პროდუქტი იყო შეძენილი, პერსონალი აყვანილი და უცბათ ვიხურებოდით. ახლა, ამ პერიოდში მზადება აღარ გვქონია. სასტუმროების სექტორში 100 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, სარესტორნო სექტორში კი 200 ათასი, ეს 300 000 ადამიანი დღეს უმუშევარია. იმედი გვაქვს, რომ გახსნის შემთხვევაში, აპრილის ბოლოდან სექტორს პირველი პულსი გაესინჯება, გვინდა, ეს დავიჯეროთ“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები