“იმ პირთა შორის, ვინც უკანონოდ მიტაცებულ მიწებზე სახლები განათავსეს​ მერიის თანამშრომელიც აღმოჩნდა” – კახა კალაძე

თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი  თბილისში არსებულ უკანონო შენობა-ნაგებობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონის არსებობას არავინ უარყოფს და ამ პრობლემის შეძლებისდაგვარად მოსაგვარებლად, დედაქალაქის ბიუჯეტში რამდენიმე ასეული მილიონია გათვალისწინებული, თუმცა სახელმწიფო ქონების მიტაცება და მასზე შენობა ნაგებობების განთავსება კატეგორიულად მიუღებელია და ამას ხელისუფლება არ დაუშვებს:

“კატეგორიულად მიუღებელია იმიტომ რომ ხვალ შეიძლება კერძო საკუთრებაში განათავსოს ვიღაცამ ამდაგვარი შენობა-ნაგებობა და თქვას, რომ ესაა მისი საცხოვრებელი ადგილი. ეს დამოკიდებულება მიუღებელია და ვერ დავუშვებთ. ადამიანს თუ თავშესაფარი უჭირს ეს ვერ გაამართლებს მისი მხრიდან სახელმწიფო ქონების მიტაცებას,”- განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისთვის მერია სპეციალურ პროგრამას ახორციელებს, ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონს ხარჯავს და ასეთი ოჯახები ქირით გაჰყავს.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ პირებს, რომლებმაც მიტაცებულ მიწებზე შენობები განათავსეს სხვა ქონებებიც უფიქსირდებათ:

“ის ვერ იქნება არგუმენტი, რომ მე 4 შვილს 4 ბინა ვუყიდე, მეხუთე ისე მრჩება და სახელმწიფო მიწა უნდა მივიტაცო. ეს მიდგომები არაფერში არ ჯდება. ღმერთმა ყველას შეაძლებინოს და 4 კი არა 100 ბინა აყიდინოს, მაგრამ არგუმენტად რომ მოგყავს, რომ 4 ბინის ყიდვა შეძელი და მე-5 შვილი ფორტეპიანოზე თუ საქსაფონზე უკრავს, მეზობლებს აწუხებს და ამის გამო მიწას იტაცებ, ეს დამოკიდებულება არაფერში არ ჯდება,”- განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ კონკრეტული მაგალითები მოიყვანა იმასთან დაკავშირებით, რომ პირებს რომლებმაც უკანონოდ მიტაცებულ მიწებზე სახლები განათავსეს, დედაქალაქსა თუ სხვა მუნიციპალიტეტებში ქონება უფიქსირდებათ. კახა კალაძის თქმით, ამ პირებს შორის დევნილთა გარდა არიან ამ სტატუსის არ მქონე პირებიც, მათ შორის მერიის თანამშრომელიც.

“ერთ-ერთი არის მერიის თანამშრომელი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის შემთვევაში არ ვაპირებთ უკანდახევას,” – აცხადებს კახა კალაძე.

თბილისის მერის თქმით, ამავდროულად მიმდინარეობს იმ ოჯახებისთვის ფართების დაკანონება და სიმბოლურ ფასად გადაცემა, რომლებსაც სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ და კონკრეტულ საცხოვრებლებში წლებია ცხოვრობენ.

მსგავსი თემები