“მატებაც გაჩერდა და კლების ტენდენცია მართლა იგრძნობა” – პაატა იმნაძე

შეზღუდვების მთავარი მიზანი იყო, ქვეყანაში შემთხვევების კატასტროფული მატება რამენაირად შეგვეჩერებინა, რაც საბედნიეროდ, მოხერხდა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„ნოემბრის თვის აქტივობებმა იქამდე მიგვიყვანა, რომ დღიურად 5 000 შემთხვევაზე ვიყავით გასული და საბედნიეროდ, ორივე მოხერხდა – მატებაც გაჩერდა და კლების ტენდენცია მართლა იგრძნობა. იმედი გვაქვს, ეს მომავალ დღეებშიც გამოჩნდება. ახლა, მთავარი და ძირითადი გამოწვევა იქნება 24 დეკემბრის მერე შეზღუდვების შემსუბუქება“, – განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა ალბათ, გაიზრდება, მაგრამ იმედია, წესებს ყველა დაიცავს, რომ ნოემბრის ბოლო და დეკემბრის დასაწყისი აღარ განმეორდეს.

„მე იცით, რისი იმედი მაქვს?! – ჩვეულებრივ, ადამიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ და ძალიან მინდა, ჩვენ ჩვენს შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ. იმედი მაქვს, ყველა დავიცავთ წესებს და მაქსიმალურად შევეცდებით, აღარ განმეორდეს ნოემბრის ბოლო და დეკემბრის დასაწყისი, რაც ამ ქვეყანაში იყო. თუ პირბადეს ვატარებთ და დისტანციას დავიცავთ, სახელმწიფოს ზედმეტი შეზღუდვების დაწესება და ჩვენ ქცევაში ჩარევა არ დასჭირდება. პირბადის სწორად ტარება და დისტანცირება გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დანარჩენ ქმედებაში თავისუფლად ვიყოთ. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ და მაშინ, მე არც თებერვლის შეზღუდვების მოხსნის შემეშინდება და არც ნორმალურთან მიახლოებული ცხოვრების დაბრუნების“, – განაცხადა იმნაძემ. 

მსგავსი თემები