“ექიმები გადაღლილები არიან და ახალი ტალღა სამართავად რთული იქნება” – ამირან გამყრელიძე

არ შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსულ ინფექციას ვამარცხებთ. იქამდე ძალიან შორს ვართ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობის შემცირების ტენდენციაა, სამედიცინო პერსონალი გადაღლილია და ვირუსის ახალი ტალღის მართვა რთული იქნება.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართა, რომ მაღაზიებში ბევრი არ იარონ და ახალი წლის დღესასწაული მაქსიმალურად მოკრძალებულად გაატარონ.

„არის ტენდენცია, ახალი შემთხვევების შემცირების, მაგრამ საკმაოდ მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 3000 საქართველოსთვის დიდი რიცხვია. ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა ცოტა შემცირდა. აღარაა ძალიან დიდი სტრესი ჯანდაცვის სისტემის, მაგრამ ჩემი კოლეგები, ექიმები გადაღლილები არიან და ახალი ტალღა სამართავად რთული იქნება. ამიტომ მოსახლეობას ვთხოვ, ვიყოთ ფრთხილები. გავითავისოთ, რომ მსოფლიოში და საქართველოში სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს საქმე. ამიტომ წლევანდელი ახალი წელი ვიყოთ ძალიან მოკრძალებული, მაღაზიები რომ გაიხსნება, არ ვიაროთ ბევრი მაღაზიებში, არ ვიაროთ ერთმანეთთან. წლევანდელი ახალი წელი იყოს მოკრძალებული, რომ იანვრის განმავლობაში რამდენადაც შეგვეძლება ინფიცირების მაჩვენებელი შევამციროთ. ჩვენ გვექნება ზრდის ტენდენცია, თუმცა მისი ინტენსივობა უნდა შევინარჩუნოთ დაბალ დონეზე, რომ ჯანდაცვის სექტორს არ ჰქონდეს კიდევ ზედმეტი ზეწოლა და ისედაც გადაღლილ სამედიცინო პერსონალს მივცეთ მუშაობის და ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება”,- განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები