“როდესაც მიზანმიმართული ნეგატივი მოდის დესტრუქციული ჯგუფებიდან, გავიხსენოთ თუ რამდენად დიდი შრომის ფასად უწევთ ექიმებს პანდემიის სირთულეებთან გამკლავება” – ეკატერინე ტიკარაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გადაუდებელი დახმარების ექიმები შესაძლებლობიდან გამომდინარე უმოკლეს დროში ახერხებენ მოქალაქეების დახმარებას. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 2020 წლის პირველი იანვრიდან გადაუდებელი დახმარება 1 200 000 მოქალაქეს გაეწია. მისივე თქმით, გამოძახებებზე საშუალო მოლოდინის დრო ერთი საათი და 24 წუთიდან შემცირდა 20 წუთამდე.

„მედპერსონალის საქმიანობის ნაწილში, განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო გადაუდებელი დახმარების ექიმებზე, რომლებიც შესაძლებლობიდან გამომდინარე უმოკლეს დროში ახერხებენ სწრაფ რეაგირებას მოქალაქეთა დასახმარებლად.2020 წლის 1 იანვრიდან გადაუდებელი დახმარება გაეწია 1 200 000 მოქალაქეს. სასწრაფოს დაგვიანება არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი, რაზეც, მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ობიექტური კრიტიკა მოდის საზოგადოებიდან, მე ვარ სოლიდარული. მაგრამ, როდესაც მიზანმიმართული ნეგატივი მოდის დესტრუქციული ჯგუფებიდან, ყველამ უნდა გავიხსენოთ თუ რამდენად დიდი შრომის ფასად უწევთ სასწრაფოს ექიმებს პანდემიის სირთულეებთან გამკლავება. დღეისათვის მნიშვნელოვნად არის შემცირებული სასწრაფო დახმარების გამოძახებებზე რეაგირების დრო, შესაბამისად შემცირდა გამოძახებების დაყოვნების მაჩვენებელიც.

გამოძახებებზე საშუალო მოლოდინის დრო ერთი საათი და 24 წუთიდან შემცირდა 20 წუთამდე. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კიდევ უფრო გაუმჯობესება ჩვენი პრიორიტეტია. 2020 წელს ქვეყნის მასშტაბით გადაუდებელი დახმარების სამსახურები სამინისტროს ქოლგის ქვეშ გაერთიანდა და ამავე წელს ჩვენ ერთად გადავდგით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი: ცენტრს გადაეცა 140 ახალი ავტომობილი; გაიხსნა სასწრაფო დახმარების 26 ახალი ადმინისტრაციული შენობა; გაიზრდა სამედიცინო პერსონალის ხელფასი. მომდევნო წლისთვის 1.5 მლნ ლარზე მეტია განსაზღვრული სასწრაფო დახმარების პერსონალის ჯანმრთელობის დაზღვევისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები