“დღემდე ქვეყანაში 1 მლნ 800 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა, ონლაინ კლინიკის ექიმების მიერ კი 250 000-მდე ზარზე მოხდა რეაგირება” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის  განცხადებით, დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 1 მლნ 800 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა.

ამასთან, ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის მართვაში ჩართული ონლაინ კლინიკების რაოდენობა გაზაფხულიდან დღემდე, 25-დან 65-მდე გაიზარდა. როგორც ტიკარაძემ პარლამენტი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე განაცხადა, ონლაინ კლინიკის ექიმების მიერ 250 000-მდე ზარზე მოხდა რეაგირება.

„ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ძალიან ფართო წვდომა გეოგრაფიული და მოცულობით თვალსაზრისით და 250-ზე მეტ ლაბორატორიასა და პირველადი ჯანდაცვის ცენტრში მათ შეუძლით ისარგებლონ ტესტირებით, ამის საჭიროების შემთხვევაში. დღეისთვის არის ჩატარებული 1 მლნ 800 ათასზე მეტი ტესტი. პირველადი ჯანდაცვის სექტორის უდიდესი როლი აქვს კოვიდის მართვაში. მიმდინარე წლის 2 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა ონლაინ კლინიკების პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ოჯახის ექიმების მიერ, ყოველდღიურად ხორციელდება კოვიდ პაციენტების დისტანციური მართვა. თავდაპირველად პროცესში ჩართული იყო 25 ონლაინ კლინიკა. დღეისათვის კლინიკების რაოდენობა 65-მდეა გაზრდილი. 2 აპრილიდან დღემდე ონლაინ კლინიკის ექიმების მიერ მოხდა 250 000-მდე ზარზე რეაგირება და შემდგომი მსვლელობის მიცემა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები