„მთავრობამ უნდა აირჩიოს ცუდსა და უარესს შორის” – ეპიდემიოლოგები შეზღუდვების მოხსნის წინააღმდეგ

ბიზნესი, მცირე და საშუალო მეწარმეები და რიგითი მოქალაქეები 24 დეკემბრის მოლოდინში არიან, თუმცა, მთავრობა გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ეპიდემიოლოგების რჩევით, ქვეყანაში არსებული შეზღუდვები ძალაში უნდა დარჩეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაჩერებულ ეკონომიკას, რომელიც სულს ღაფავს, გადარჩენის შესაძლებლობა ვერ ექნებათ.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, ეს ის შემთხვევაა, როცა მთავრობამ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის უნდა გააკეთოს.

„24 დეკემბერიდან, არსებული შეზღუდვების მთლიანი ან ნაწილობრივი მოხსნა გარკვეულწილად ისევ გაზრდის რისკს. მთავრობამ უნდა აირჩიოს ცუდსა და უარესს შორის. ძნელია არჩევა. პირადად ჩემი აზრი ასეთია – ყველაფრის გათვალისწინებით,  მაინც შევარბილებდი ამ შეზღუდვებს ნაწილობრივ, ოღონდ პარალელურად, გავამკაცრებდი დარჩენილ შეზღუდვებზე შესრულების კონტროლს. შეზღუდვებმა იმოქმედეს და ინფექციის გადაცემა შემცირდა, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ. მთლად ასე ცოტა არ არის. რეალურად, ნაწილობრივ ეს იმის გამოა, რომ კვირა იყო და მხოლოდ 5 ათასი ტესტი გაკეთდა“, – აცხადებს ცერცვაძე.

რაც შეეხება მთავრობის გადაწყვეტილებას, საბოლოო პასუხი, დიდი ალბათობით დღის ბოლოს იქნება ცნობილი.  

მსგავსი თემები