“გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიაზრებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც ქართველმა ერმა მათ მიანიჭა” – მაია ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, აუცილებელია, ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობდეს.

გარდა ამისა, მაია ცქიტიშვილის თქმით, აუცილებელია ქვეყანამ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი დაძლიოს. 

“სამწუხაროდ ოპოზიციისთვის განკუთვნილი დრო ამ დარბაზში ცარიელია და რა თქმა უნდა მეც გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიაზრებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც ქართველმა ერმა მათ მიანიჭა და უახლოეს მომავალში შეუდგებიან საპარლამენტო უფლებამოსილების შესრულებას.

ჩვენ მთავრობას და პარლამენტს ერთობლივად გვაკისრია დიდი პასუხისმგებლობა. სწრაფად უნდა დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და უზრუნველვყოთ ქვეყნის განვითარება ისეთი სახით, რომ 2024 წელს შევძლოთ გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მისაღებად,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

2 საათია პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას განიხილავს. ამ წუთებში მოსმენა 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიმდინარეობს, მმართველი გუნდის დეპუტატებს საკუთარ პროგრამას მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური გუნდი აცნობს. მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილებაა – თეა წულუკიანის ნაცვლად, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა, გიორგი გახარიამ იუსტიციის მინისტრად გოჩა ლორთქიფანიძე წარადგინა. მთვრობას ნდომას პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის დეპუტატები ხუთშაბათს გამოუცხადებენ.

მსგავსი თემები