ზვიად გამსახურდიას ოჯახს საქმის მასალებზე წვდომა ექნება – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმეზე წარდგენილი  სარჩელი და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომელიც დაზარალებულ მხარეს უკრძალავდა სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების მიღებას,” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განაცხადა, როგორც ადვოკატი განმარტავს, აქამდე დაზარალებულს, ან მის უფლებამონაცვლეს საქმის მასალების შესწავლა პროკურორის ზედამხედველობის ქვეშ შეეძლო და კოდექსი არ ითვალისწინებდა მასალის ასლების გადაცემის შესაძლებლობას.

მოსარჩლე განმარტავდა, რომ სისხლის სამართლის მასალების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა ყოველთვის საკმარისი არ იყო საქმის მასალების სიღრმისეულად და სრულყოფილად გაცნობისათვის.

მოსარჩელის, ზვიად გამსახურდიას უფლებამონაცვლის, კონსტანტინე გამსახურდიას ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში, ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდნენ ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავრში“ ვრცლად ისაუბრა იმ შედეგზე, რაც მისივე განმარტებით ხანგრძლივი ბრძოლის ფასად დადგა:

„რთულია გადააფასო ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა. საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, რომ საქმის მასალებთან სრულფასოვანი წვდომა ემსახურება არა მხოლოდ კონკრეტული დაზარალებულის ინტერესებს, არამედ ზოგადად მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობას. ფაქტობრივად ამ გადაწყვეტილებით დასრულდა ის უსამართლობა, რაც 2010 წლიდან გრძელდებოდა, როდესაც ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, დაზარალებულებს წაართვეს საქმის მასალებთან წვდომა და მოაქციეს ინფორმაციულ ვაკუუმში. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა ზიანი ან შეიძლება სულაც დაკარგა ოჯახის წევრი და მას ელემენტარულად არ აქვს უფლება, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებს სრულფასოვნად გაეცნოს. კანონით დაზარალებულებს შეეძლოთ მხოლოდ პროკურორის ზედამხედველობის ქვეშ გაცნობოდნენ საქმეს, თუმცა ცხადია, რომ ესეც მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. გახმაურებულ საქმეებზე საზოგადოების მღელვარების მიზეზი ხშირად ისიც იყო, რომ დაზარალებულებს არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია თუ რა ხდებოდა საქმის მასალებში. როგორ მიდიოდა გამოძიება და რა გადაწყვეტილებებს იღებდა პროკურორი. ვფიქრობ ამიერიდან გაიზრდება დაზარალებულების ჩართულობა გამოძიების პროცესში. ეს კი უდავოდ შეუწყობს ხელს ხარისხის გაუმჯობესებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ამირან გიგუაშვილის ინფორმაციით, 2017 წლიდან, როდესაც იგი ჩაერთო ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებაში, მან არაერთხელ მიმართა პროკურატურას საქმის მასალების გადაცემის მოთხოვნით, თუმცა ყველა მიმართვაზე უარი მიიღო, რადგან დაზარალებულისთვის საქმის მასალების გადაცემას კანონი არ ითვალისწინებდა.

 2018 წელს  ამირან გიგუაშვილმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხარდაჭერით საჩივრით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და  მოითხოვა კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამოსწორება. ორწლიანი განხილვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და 2020 წლის 18 დეკემბრიდან დაზარალებულებს უფლება მიეცათ ხელზე მიიღონ სისხლის სამართლის საქმის მასალები.

“შეუძლებელია გადააფასო ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა, რომელიც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ. ამით ფაქტობრივად დასრულდა წარმატებით ჩვენი სამწლიანი ბრძოლა მოგვეპოვებინა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე, არსებული სისიხლის სამართლის საქმის მასალები. გამოძიების დაწყებიდან დღემდე, 1993 წლიდან არსებული საქმის მასალები, ჩვენ უკვე გამოვითხოვეთ პროკურატურიდან,” – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება

მსგავსი თემები