„8 საათის ნაცვლად ღამის 12 საათამდე უნდა დავიხოცოთ, დაგიშავეთ რამე? “ – კომისიის თავმჯდომარე ნიუ-იორკში

არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ცესკო-ს გადაწყვეტილება ემიგრანტებისთვის პრობლემური აღმოჩნდა. დასაქმებული, წარმატებული ემიგრანტები აცხადებენ, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობისთვის სამსახურის გაცდენა, ღამის თევა, ფიზიკური შრომა მოუწევთ და მატერიალურ ზარალსაც მიიღებენ.

„მედიაცენტრი მთავარი“ ამერიკაში მცხოვრებ ერთ-ერთ წარმატებულ ემიგრანტს, კოლუმბიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის მაგისტრს, ჩინეთის ბანკის ნიუ-იორკის ფილიალის განყოფილების უფროსს, ნიუ-იორკში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნინო ტაბატაძეს ესაუბრა:

“ჯერ ერთი, მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, წამართვეს უფლება რომ ხმა მივცე უქმე დღეს, რადგანაც ცესკო-ს უფლებამოსილება საზღვარგარეთზე არ ვრცელდება. მეორე, საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც ‘მანჰეტენზე’ არ მუშაობს და თან 5-6 საათისთვის არ ამთავრებს სამსახურს რომ უბანზე შერბენა მოასწროს, არადა ანთებული გულით ძალიან უნდა რომ ხმა მისცეს, სამსახურის გაცდენა მოუწევს და შესაბამისად, მატერიალურ ზარალს მიიღებს, არცთუ მცირეს. მესამე, ის ხალხი, ვინც ასევე ანთებული გულითა და დიდი ენთუზიაზმით ვეხმარებით ჩვენს დიასპორას თავისი კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში და წარმოვადგენთ საარჩევნო ადმინისტრაციას ნიუ-იორკში, ჩვენ არა მარტო სამსახური უნდა გავაცდინოთ და მატერიალური ზარალი მივიღოთ, არამედ უბანზე 8 საათის ნაცვლად ღამის 12 საათამდე უნდა დავიხოცოთ, შემდეგ ხმის გადათვლა და მთელი პროცედურები, ალბათ, იმდენ დროს წაიღებს, სახლში მისვლას ზრდილობისთვისაც რომ ვერ მოვასწრებთ. ალბათ, მეორე დღეც უნდა გავეთავისუფლოთ. მარტივი კითხვა მისთვის, ვისაც ეხება: დაგიშავეთ რამე?” – კითხულობს ემიგრანტი.

მსგავსი თემები