მამაკაცს, რომელიც ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცი დაკავებულია და მას 7 წლიანი სასჯელი ემუქრება.  გიორგი მერებაშვილი წარსულში ნასამართლევია და პრობითი ვადით იყო გათავისუფლებული.

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991
წელს დაბადებული, ამჟამად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. მუქარის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. 

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.მ., რომელიც გლდანის რაიონში, ახლობელთან სტუმრად იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, თანნაქონი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა.  შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ
მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. 

პოლიციელებმა გ.მ.-სთან აქტიური მოლაპარაკებების
შედეგად შეძლეს სიტუაციის დროულად განმუხტვა და მისი  დაკავება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც  იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მუქარას გულისხმობს“ – აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ დანაშაული წუხელ მოხდა და მამაკაცი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მას მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა და მის ნახვას და შერიგებას ითხოვდა.

მსგავსი თემები