„მმართველი პარტიის წარმოდგენილი ინიციატივა იწვევს გარკვეულ შეშფოთებას და ვერ ეხმარება პროცესს“ – ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, მმართველი გუნდის მერ წარმოდგენილი ინიციატივები მოლაპარაკებების პროცესის ხელშემწყობი არ არის და პირიქით, შეშფოთებას იწვევს. კარლ ჰარცერის შეფასებით, საარჩევნო რეგისტრაციის შეჩერების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პარტიისკენ არის მიმართული და  კითხვის ნიშნებს აჩენს.

„რომ დავიწყოთ პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის საკანონმდებლო ინიციატივით, უნდა ვთქვა, რომ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ინიციატივას აქვს ძალიან ცხადი მიმართულება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პარტიისკენ. ვფიქრობ, რომ ყოველთვის კითხვის ნიშნები ჩნდება, როდესაც დღის წესრიგშია კანონი, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზნები, მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ამ სახის კანონებს ექნება უფრო ფართო გამოძახილი, რომელზეც ყველა უნდა დაფიქრდეს“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ელჩმა შეფასება პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ საკითხს ფართი განხილვა სჭირდება.

„ჩვენ უკვე მოვისმინეთ არგუმენტები ამასთან დაკავშირებით, რომ პარტიას უნდა შეუწყდეს დაფინანსება იმ შემთხვევაში, თუ ის არ შევა პარლამენტში, აქ არის გარკვეული ლოგიკა, შეიძლება იყოს მხედველობაში მიღებული, რომ დაფინანსება უნდა მიიღოს პარტიამ, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა და აიღებს პასუხისმგებლობას როგორც პარლამენტის წევრი, მაგრამ ფართო მსჯელობაც შეიძლება ამ საკითხზე და აქ ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენენ პარტიები დემოკრატიულ პროცესში – ეს არ არის მხოლოდ პარლამენტში სივრცის შევსება და საპარლამენტო მუშაობა. როდესაც საქმე ეხება ისეთ ქვეყანას, სადაც ჩვენ გვაქვს კანონები, რომლებიც ადგენს უფრო დაბალ ზღვარს პარტიებისთვის, რათა მათ მიიღონ დაფინანსება, ვიდრე ზღვარს, რომ ისინი პარლამენტში მოხვდნენ, თავის მხრივ არის იმის აღიარება, რომ არსებობს პლურალისტული გარემოს შექმნის ინტერესი. სიმართლე გითხრათ, ეს მაწუხებს, რადგან ვხედავ, რომ მოკლევადიან პერიოდში ეს კანონი მიმართულია კონკრეტულ დროსა და ვითარებაზე და არა პარტიების დაფინანსების საკითხის ფართო განხილვაზე,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის ინიციატივით, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება.

მსგავსი თემები