„თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზია მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია“ – პროკურატურა

  •  

 „გამოძიებით დადგინდა, რომ მოხმარებული წამლების ნაწილი, რისგან გამოწვეული ინტოქსიკაციაც გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, თამარ ბაჩალიაშვილმა შეიძინა 2020 წლის 17 ივლისს ზემოხსენებულ აფთიაქებში“ – განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა სპეცილურ ბრიფინგზე, რომელც თამარ ბაჩალიაშვილის საქმის შეწყვეტას ეხებოდა.   

„მისი გადაადგილება და წამლების ყიდვის ფაქტები სრულად არის ასახული ვიდეო სათვალთვალო კამერებით და აღნიშნული ჩანაწერები საქართველოს პროკურატურის მიერ გასაჯაროებულია, ხოლო ზემოხსენებული პრეპარატები მას 2020 წლის 17 ივლისამდეც ჰქონდა და მათი შეძენა 2020 წლის 17 ივლისს არ მოუხდენია.

საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის, ასევე თამარ ბაჩალიაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზია მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია. გვამის გამოკვლევა 22 ივლისს ჩატარდა, და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მისი სიკვდილიდან გასული იყო დაახლოებით 4 დღე. ამავე საექსპერტო დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის, ანუ ნანემსრების კვალი, არ აღინიშნებოდა. მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანებები ასევე არ აღინიშნებოდა თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე. შესაბამისად, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების პარალელურად, უტყუარი საექსპერტო კვლევებით იქნა უარყოფილი ყველა ვერსია თამარ ბაჩალიაშვილის ძალადობრივი სიკვდილის შესახებ. თვითმკვლელობის განხორციელებისას სხვა პირთა ავტომანქანაში ყოფნა, ასევე, გამოირიცხა ბიოლოგიური საექსპერტო კვლევებით, რომელთა თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში არსებულ ნივთებზე, მათ შორის წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოჩნდა  თამარ ბაჩალიაშვილის დნმ-ის კვალი“ – განაცხადეს პროკურატურაში.   

მსგავსი თემები