“დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გახსნას გული და გონება ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი ხალხისა” – პატრიარქი

“ჩვენ დღეს ვკითხულობთ, რაც დღეს ხდება, ამდენი მსხვერპლი, ეს სასჯელია თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა? არაფერი არ ხდება ღვთის გარეშე,” – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სიხარულს, ქრისტიანული რწმენიც განმტკიცებას, სიმშვიდეს გულში, გონებაში და სულში.

„ყველას გილოცავთ ბარბარობას. ეს არის უდიდესი დღესასწაული. წმინდა ბარბარე არის მაგალითი მტკიცე სარწმუნოებისა, ერთგულებისა… პრობლემები მუდამ ყოფილა და იქნება მშობლებსა და შვილებს შორის. სწორედ დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გახსნას გული და გონება ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი ხალხისა. ჩვენ დღეს ვკითხულობთ, რაც დღეს ხდება, ამდენი მსხვერპლი, ეს სასჯელია თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა? არაფერი არ ხდება ღვთის გარეშე. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა გონი ესე მოგვცეს, უფალმა დალოცოს თქვენი შვილები. ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ! ეძიებდით და ჰპოვოთ! დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სიხარულს, ქრისტიანული რწმენიც განმტკიცებას, სიმშვიდეს გულში, გონებაში, სულში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას.

გუშინ დავწერე მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს, დაამშვიდოს ეს ცხოვრება ჩვენთვის. ამის გარდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ჩვენმა ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, რომ ღმერთმა შეისმინოს ჩვენი შვილების ლოცვები. რომ დაწერთ ამ ლოცვებს, თხოვნებს, წერილებს, როგორც საკუთარ მშობელს, ისე უნდა მიმართოთ მამასა, ძესა და სულიწმინდასა. გამომიგზავნეთ მე. როცა შეგროვდება საკმაოდ ბევრი, გამოვცეთ წიგნად“, – განაცხადა პატრიარქმა.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ დაწერილი ლოცვა მრევლს მეუფე დანიელმა წაუკითხა.

„მამაო ჩვენო, ღმერთო აბრაამისა ისააკისა და იაკობისა დიდება და მადლობა შენ! უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით გარდამოიხილე ზეცით მოწყალეო, შეგვინდევ შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა. დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო. შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ. შეგთხოვთ უფალო დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან. შეგთხოვთ უფალო, არა უგულვებელყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ გვიხაროდეს ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. ამინ“.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ლოცვა დღეიდან ტაძრებში იქნება და ის მრევლმა ტაძარში, სახლში თუ სამსახურში უნდა წაიკითხოს.

„ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი, მთელი მსოფლიო. ღმერთმა ისმინოს ლოცვისა, ამინ. ეს ლოცვა დარჩება ტაძრებში და სადაც არ უნდა იყოთ ტაძარში, სახლში თუ სამსახურში, ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს თქვენს ლოცვას“, – განაცხადა პატრიარქმა.

მსგავსი თემები