“თუ ამნისტია რურუას საქმეს არ შეეხო, მაშინ ეს არის ამნისტია საკუთარი ცოდვების „გასაპრავებლად“ – გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირებისას მნიშვნელოვანია ამ პროექტზე საზოგადოებამ მეტი დეტალი იცოდეს. როგორც მან აღნიშნა, ეს ამნისტია ითვალისწინებს მუხლებს და არა პიროვნებებს, შესაბამისად, ის უნდა შეეხოს გიორგი რურუასაც.

უგულავას თქმით, თუ აღნიშნული ამნისტია არ შეეხება გიორგი რურუას, მაშინ ეს იქნება ამნისტია საკუთარი ცოდვების „გასაპრავებლად“.

“საყოველთაო ამნისტია სწორი იდეაა, მაგრამ როგორც ცნობილია, ეშმაკი დეტალებშია და მიხეილ სარჯველაძე დეტალებზე არ გვესაუბრა, ერთადერთი დეტალი რაც მისგან მოვისმინეთ იყო ის, რომ ეს არ შეეხება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას. მე მინდა შევახსენო, რომ ნებისმიერი ამნისტია, რომელიც აქამდე გაკეთებულა 30 წლის განმავლობაში, თუ რომელიმე მუხლს ითვალისწინებდა, ითვალისწინებდა იარაღის უკანონო ტარების მუხლს, იმ პირობებში, როდესაც ადამიანი პირველად იყო ნასამართლევი. თუ ასეთ რამესაც შეიძლება ეს არ შეეხოს, მაშინ ეს არის ამნისტია საკუთარი ცოდვების „გასაპრავებლად“, ხოლო თუ საკუთარი ცოდვების გაპრავება უნდა „ქართულ ოცნებას“, ამაში ჩვენ ვერ დავეხმარებით და არ დავეხმარებით. თუ ეს საყოველთაო ამნისტიაა, უნდა შეეხოს ყველას ის მუხლები, რა მუხლებზეც გაფორმდება ამნისტია, რადგან შევახსენებ საზოგადოებას, რომ ამნისტია მუხლებს ითვალისწინებს და არა პიროვნებებს. ამიტომ, დეტალები გვაინტერესებს, მეტი ინფორმაციაა საჭირო და შესაბამისად, თუ პატივს დაგვდებს „ქართული ოცნება“ და უფრო დეტალურად აგვისხნის რას აპირებს და როგორ აპირებს, ეს მხოლოდ ამ პროცესს წაადგება“, – განაცხადა უგულავამ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ნაკლებად არის მოსალოდნელი პარლამენტში ინიცირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი გიორგი რურუას შეეხოს.

მსგავსი თემები